Accentnews.ge
აგვისტოს ომის მე–15 წლისთავს სხვადასხვა ქვეყანა ეხმიანება: მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას

აგვისტოს ომის მე–15 წლისთავს სხვადასხვა ქვეყანა ეხმიანება: მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას

07/08/2023 16:23:26 კონფლიქტები, პოლიტიკა

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის მე–15 წლისთავს სხვადასხვა ქვეყანა ეხმიანება.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო:

"15 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში. საქართველოს რეგიონები –აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ჯარის მიერ. უკრაინა ქართველი ხალხის გვერდით დგას და კვლავაც ვადასტურებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში".

პოლონეთის საელჩო საქართველოში:

„საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მე-15 წლისთავზე, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ხალხს, მხარს ვუჭერთ ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ვგმობთ მიერ სეპარატისტული რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის ანექსიას”.

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო:

„საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მე-15 წლისთავზე ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს.

მოლდოვა კიდევ ერთხელ გმობს რუსეთის სამხედრო ინტერვენციას და ადასტურებს მის მხარდაჭერას საქართველოს მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში”.

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო:

"ლატვია გმობს რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას 15 წლის წინ საქართველოზე თავდასხმით. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და მის გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ".

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო:

"დღეს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის უკანონო აგრესიის 15 წლისთავი აღინიშნება. ესტონეთი მკაცრად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას. ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას".

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სალჩო:

„რუსეთის საქართველოში შემოჭრის 15 წლისთავი ორმაგად მძიმეა დღეს. პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას და ვიხსენებთ გმირებს, რომელთა სახელიც სიმტკიცეს მატებს ქართველ ხალხს. შოვის ტრაგედიის მსხვერპლთა გლოვის ნიშნად დღეს შეერთებული შტატების დროშა დაშვებულია“.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი:

"რუსეთის საქართველოში შეჭრიდან 15 წელი გავიდა. 15 წლის შემდეგ, ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ურყევი რჩება. ჩვენ ვდგავართ მამაცი ქართველი ხალხის გვერდით, რომელმაც ევროკავაშირისა და NATO-ს გზა აირჩია".

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი:

„15 წლის წინ, ამ დღეს, რუსეთმა დაიწყო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი კვლავ ოკუპირებულია. სისასტიკე და საერთაშორისო სამართლის დარღვევა გრძელდება. ჩვენ უნდა დავასრულოთ რუსეთის აგრესიის ციკლი. ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“.

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა:

"ლიეტუვა გმობს 15 წლის წინ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. დღეს უკრაინა თავის თავისუფლებას იგივე აგრესორისგან იცავს. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიებიდან“.

დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო:

„15 წლის წინ რუსეთის ჯარები შემოიჭრნენ საქართველოში, მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ აგრესიის ახალ ფაზაში. დანია გმობს რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე. მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“.

სლოვენიის საგარეო საქმეთა სამინისტრო:

„რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის 15 წლისთავზე, ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები“.

ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო:

„2008 წელს საქართველოში რუსეთის შეჭრიდან 15 წელი შესრულდა. ავსტრია კიდევ ერთხელ გმობს რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნას და გამოხატავს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“.

ხორვატიის საგარეო საქმეთა სამინისტრო :

„რუსეთის საქართველოში შემოჭრის მე-15 წლისთავზე, ხორვატია კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობით ხორვატია აქტიურად უწყობს ხელს საქართველოში უსაფრთხოებას და კონსტრუქციული ჩართულობის, მშვიდობიანი გადაწყვეტის მოწოდებით გამოდის".

საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი:

"რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავზე ჩვენ პატივს მივაგებთ მსხვერპლს. გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ეროვნულ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საქართველოს რეგიონების, აფხაზეთის და ცხინვალირ რეგიონი/სამხრეთ ოსეთის ცალმხრივი აღიარება მიუღებელია. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს თავისი სამართლებრივი ვალდებულებები“.

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინიტრო:

„საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის მე-15 წლისთავი წარმოადგენს ჩვენს აღმოსავლეთ სამეზობლოში რუსეთის აგრესიული ქცევის ხანგრძლივი ისტორიის ტრაგიკულ შეხსენებას. როგორც სტრატეგიული პარტნიორი, რუმინეთი განაგრძობს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას“.

ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო :

„რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის 15 წლისთავზე ბელგია კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ბელგია ერთგული რჩება, მხარი დაუჭიროს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიას და ყველა ძალისხმევას კონფლიქტის მოგვარებისთვის“.

ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო:

„რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის 15 წლისთავზე, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები“.

ევროკავშირის კომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი:

„15 წელი, 2008 წელის აგვისტოში მოხდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია. მას შემდეგ საქართველო ცხოვრობს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ძლიერი სამხედრო წარმომადგენლობის პირობებში. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები“.

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო:

"დღეს რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის 15 წლისთავია, ამ დრომდე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონები რჩება რუსეთის ძალების მიერ უკანონოდ ოკუპირებული. ნიდერლანდები განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში".

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი :

„დღეს 15 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში და მოახდინა მისი მიწის 20%-ის ოკუპაცია. რუსეთი კვლავ უარს აცხადებს ცეცხლის შეწყვეტის 2008 წლის ვალდებულებების შესრულებაზე. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს".

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა :

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აგვისტოს ომიდან მე –15 წლისთავზე აცხადებს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ისევ ჰუმანიტარული გამოწვევების წინაშეა და გრძელდება ადამიანის უფლებების დარღვევები, მათ შორის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისა და უკანონო დაკავებების შედეგად. ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი კვლავ არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული შეთანხმების შესაბამისად ნაკისრ ვალდებულებებს:

"ევროკავშირი კონფლიქტების მოგვარების მცდელობებში სრულად იყო ჩართული, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში თანათავმჯდომარის რანგში და სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ძალისხმევის საშუალებით. მოვუწოდებთ ყველა მონაწილეს კონსტრუქციულად ჩაერთონ განხილვებში 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების სრული განხორციელების მისაღწევად. ასევე ხაზგასმით აღვნიშნავთ ლტოლვილთა და დევნილთა უფლების მნიშვნელობას მდგრადი გადაწყვეტის არჩევასთან დაკავშირებით, რომელიც ნებაყოფლობით, უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას მოიცავს".

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი:

„დღეს 15 წელი შესრულდა რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის ომიდან. ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართ უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე.

ვგმობთ რუსეთის სამხედრო ძალების განგრძობად ყოფნას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რაც არღვევს საერთაშორისო სამართალს და ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული შეთანხმების შესაბამისად ნაკისრ ვალდებულებებს. ადგილობრივი მოსახლეობა ისევ ჰუმანიტარული გამოწვევების წინაშეა და გრძელდება ადამიანის უფლებების დარღვევები, მათ შორის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისა და უკანონო დაკავებების შედეგად. კვლავ არსებობს დაბრკოლებები იძულებით გადაადგილებული პირებისთვის და ლტოლვილებისთვის წარმოშობის ადგილზე დაბრუნებასთან დაკავშირებით.

ევროკავშირი კონფლიქტების მოგვარების მცდელობებში სრულად იყო ჩართული, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში თანათავმჯდომარის რანგში და სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ძალისხმევის საშუალებით. მოვუწოდებთ ყველა მონაწილეს კონსტრუქციულად ჩაერთონ განხილვებში 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების სრული განხორციელების მისაღწევად. ასევე ხაზგასმით აღვნიშნავთ ლტოლვილთა და დევნილთა უფლების მნიშვნელობას მდგრადი გადაწყვეტის არჩევასთან დაკავშირებით, რომელიც ნებაყოფლობით, უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას მოიცავს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ადგილზე უწყვეტად მუშაობამ 200-ზე მეტი სამოქალაქო დამკვირვებლის მონაწილეობით ასევე ხელი შეუწყო უსაფრთხოების სიტუაციის სტაბილიზაციას. 2024 წლის დეკემბრამდე კვლავ განახლებული მანდატით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადგილზე არსებული ერთადერთი საერთაშორისო მისიაა, რომელიც აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და ნორმალურ ცხოვრებას უწყობს ხელს.

ევროკავშირი კვლავ ადასტურებს საქართველოში სტაბილიზაციისა და კონფლიქტების მოგვარების ძალისხმევაში ჩართულობის ერთგულებას და მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”.

საქართველოში პოლონეთის საელჩო:

„საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მე-15 წლისთავზე, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ხალხს, მხარს ვუჭერთ ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ვგმობთ სეპარატისტული რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის ანექსიას”.

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო:

„საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მე-15 წლისთავზე ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს. მოლდოვა კიდევ ერთხელ გმობს რუსეთის სამხედრო ინტერვენციას და ადასტურებს მის მხარდაჭერას საქართველოს მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში".

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენკი:

"7 აგვისტო. ყოველწლიურად ამ დღეს მსოფლიო იხსენებს რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ. უკვე 15 წელი გავიდა. რუსული ოკუპაცია რჩება - ეს ჭრილობა ქართული სახელმწიფოს სხეულზე რჩება. უკვე ბევრი ითქვა, რომ 2008 წელს მსოფლიო პრინციპული რომ ყოფილიყო, ბევრი რამ სხვაგვარად იქნებოდა. უკვე მაშინ რუსეთს უნდა გაეცნობიერებინა, რომ აგრესორი აგრესიაში ყველაზე დიდ ფასს გადაიხდის. ეს აუცილებლად უნდა გააცნობიეროს ახლა.როდესაც უკრაინა მოიგებს ამ ომს, ის არა მხოლოდ შეაჩერებს რუსეთის აგრესიული მადის გაზრდას, არამედ გადაარჩენს სხვა ერებს იმისგან, რასაც ჩვენ გავდივართ - უკრაინა, საქართველო და მოლდოვა. ჩვენი გამარჯვება ყველას დაუბრუნებს ნორმალურობას - ეს დაასრულებს რუსეთის ოკუპაციას. უკრაინელები სოლიდარობას უცხადებენ ქართველ ხალხს და მადლობას ვუხდი საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც ჩვენთან ერთად იცავს თავისუფლებას! და განსაკუთრებით მათ, ვინც უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების შემადგენლობაში იბრძვის! გაიმარჯვებს თავისუფლება, გაიმარჯვებს საქართველო, გაიმარჯვებს უკრაინა!".

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო:

"აზერბაიჯანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მეზობელთან და პარტნიორთან, საქართველოსთან თანამშრომლობას. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოში კონფლიქტის მოგვარებას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფუძველზე".

საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო:

„2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 15 წელი გავიდა, ჩვენ გვახსოვს დაკარგული სიცოცხლეები, გაყოფილი ოჯახები, თემები და რუსეთის აგრესიის მუდმივი ზეწოლა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე. გაერთიანებული სამეფო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს“.

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა:

"15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა - აგრესიისა და ოკუპაციის მანკიერი ტაქტიკა. კრემლს არ სურდა, ქართველებს გადაეწყვიტათ საკუთარი მომავალი. ევროპული პარლამენტი განაგრძობს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას".

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია:

"მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ შეიარაღებული კონფლიქტების შედეგები გრძელვადიანია და შერიგებისა და აღდგენის გზა შეიძლება რთული იყოს. როგორც ცხელი ხაზის მექანიზმის მართვის განმახორციელებლები და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) დისკუსიების თანათავმჯდომარეები, ურყევად ვუჭერთ მხარს გრძელვადიანი გადაწყვეტილებების მოსაძიებლად კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემებისთვის სარგებლის მომტან ყველა ძალისხმევას. ჩვენი მისია კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ერთგულებას რეგიონში სტაბილურობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობისადმი".

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის თქმით, მისია მტკიცედ განვაგრძობს ძალისხმევას, შეიქმნას ხელსაყრელი გარემო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის:

"როგორც მიუკერძოებელი სადამკვირვებლო მისია, ჩვენ უზრუნველვყოფთ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ ადგილზე მუდმივ ყოფნას და გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას ნდობის აღდგენის მიმართულებით. ჩვენ მტკიცედ განვაგრძობთ ჩვენს ძალისხმევას შევქმნათ ხელსაყრელი გარემო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის".

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო:

„15 წელი გავიდა საქართველოში რუსეთის 2008 წლის ინტერვენციის შემდეგ – ეს იყო გარდამტეხი მომენტი ევროპის უსაფრთხოებისთვის. დღემდე ჩვენ ვხედავთ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გაგრძელებას უკრაინასა და საქართველოში. ნორვეგია გმობს რუსეთის მხრიდან მიმდინარე ოკუპაციას და ადამიანის უფლებების დარღვევებს“.

უკრაინის რადას სპიკერი რუსლან სტეფანჩუკი:

"15 წლის წინ რუსეთმა დაიწყო შეიარაღებული აგრესია საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, 15 წლის წინ, რუსეთის ფედერაციამ აჩვენა თავისი აგრესიული იმპერიალისტური ამბიციები. 15 წლის წინ მსოფლიოს უფრო მტკიცედ და მკაცრად რომ ემოქმედა, რუსეთი რთულად თუ გაბედავდა დამოუკიდებელი ტერიტორიების ხელყოფას, რომლებიც მას არ ეკუთვნის. დღეს უკრაინა თავისი მომავლისთვის იბრძვის იმის წინააღმდეგ, ვინც ყოველთვის ცდილობდა მის განადგურებას. მხოლოდ ერთობლივი, მტკიცე და კოორდინირებული ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ აგრესორის დამარცხებას და ევროპაში მშვიდობის დამყარებას“.

/სია განახლებადია.

ცნობისთვის: რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 15 წელი გავიდა. 2008 წელს აგვისტოს დასაწყისში გორის მუნიციპალიტეტში ვითარება დაიძაბა, რომელიც 7 აგვისტოს გამწვავდა, რასაც ხუთდღიანი შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა.

რუსულმა ავიაციამ იერიში მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განლაგებულ სამხედრო ბაზასა და აეროპორტზე, ორჯერ დიბომბა გორი, მათ შორის გორის სამხედრო ბაზის ტერიტორია. რუსულმა ავიაციამ თბილისის ვაზიანის სამხედრო ბაზა, საავიაციო ქარხანა, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზებიც დაბომბა.

2008 წლის ჯერ კიდევ 5 აგვისტოს როკის გვირაბის ჩრდილოეთით, რუსეთის მხარეს სამხედრო მძიმე ტექნიკის ათასობით ერთეული და ათასობით ჯარისკაცი იყო მობილიზებული და საქართველოში შემოსვლას ელოდებოდა. მათ ნაწილს კი გვირაბი უკვე გადმოკვეთილი ჰქონდა.

მიუხედავად ამისა, კრემლი დღესაც ამტკიცებს, რომ "8 აგვისტოს იძულებული გახდა ცხინვალის მოსახლეობა ქართველებისგან დაეცვა".

2008 წლის აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო მოსამსახურე. ომის დროს დაიჭრა 1747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.

საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შუამავალი იყო იმ დროისთვის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის – საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი. 2008 წლის 12 აგვისტოს სარკოზიმ და რუსეთის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მოსკოვში მოაწერეს ხელი საქართველოში საბრძოლო მოქმედებების დასრულების 6-პუნქტიან შეთანხმებას. ამ დოკუმენტის პირობებს რუსეთი დღემდე არღვევს და უარს ამბობს ომამდელ პოზიციებზე დააბრუნოს საკუთარი სამხედროები.

ომის დასრულებიდან მალევე რუსეთმა საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.

მიმდინარე წლის აპრილში, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ რუსეთის ფედერაციას საქართველოს მოქალაქეებისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 130 მილიონამდე ევროს გადახდა დააკისრა, 2008 წლის აგვისტოში ქვეყანაში შეჭრის საქმეზე.

  • მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, "საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასა და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება 8 აგვისტოს 00:00 საათიდან 9 აგვისტოს 00:00 საათამდე საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად".

/ ფოტო: REUTERS/გლებ გარანიჩი. 2008 წლის 10 აგვისტო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S