
ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართ უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე
07/08/2023 13:38:26 კონფლიქტები, პოლიტიკა
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართ უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე.
ბორელის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„დღეს 15 წელი შესრულდა რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის ომიდან. ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართ უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე.
ვგმობთ რუსეთის სამხედრო ძალების განგრძობად ყოფნას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რაც არღვევს საერთაშორისო სამართალს და ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული შეთანხმების შესაბამისად ნაკისრ ვალდებულებებს. ადგილობრივი მოსახლეობა ისევ ჰუმანიტარული გამოწვევების წინაშეა და გრძელდება ადამიანის უფლებების დარღვევები, მათ შორის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისა და უკანონო დაკავებების შედეგად. კვლავ არსებობს დაბრკოლებები იძულებით გადაადგილებული პირებისთვის და ლტოლვილებისთვის წარმოშობის ადგილზე დაბრუნებასთან დაკავშირებით.
ევროკავშირი კონფლიქტების მოგვარების მცდელობებში სრულად იყო ჩართული, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში თანათავმჯდომარის რანგში და სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ძალისხმევის საშუალებით. მოვუწოდებთ ყველა მონაწილეს კონსტრუქციულად ჩაერთონ განხილვებში 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების სრული განხორციელების მისაღწევად. ასევე ხაზგასმით აღვნიშნავთ ლტოლვილთა და დევნილთა უფლების მნიშვნელობას მდგრადი გადაწყვეტის არჩევასთან დაკავშირებით, რომელიც ნებაყოფლობით, უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას მოიცავს.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ადგილზე უწყვეტად მუშაობამ 200-ზე მეტი სამოქალაქო დამკვირვებლის მონაწილეობით ასევე ხელი შეუწყო უსაფრთხოების სიტუაციის სტაბილიზაციას. 2024 წლის დეკემბრამდე კვლავ განახლებული მანდატით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადგილზე არსებული ერთადერთი საერთაშორისო მისიაა, რომელიც აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და ნორმალურ ცხოვრებას უწყობს ხელს.
ევროკავშირი კვლავ ადასტურებს საქართველოში სტაბილიზაციისა და კონფლიქტების მოგვარების ძალისხმევაში ჩართულობის ერთგულებას და მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”.
ცნობისთვის: რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 15 წელი გავიდა. 2008 წელს აგვისტოს დასაწყისში გორის მუნიციპალიტეტში ვითარება დაიძაბა, რომელიც 7 აგვისტოს გამწვავდა, რასაც ხუთდღიანი შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა.
რუსულმა ავიაციამ იერიში მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განლაგებულ სამხედრო ბაზასა და აეროპორტზე, ორჯერ დიბომბა გორი, მათ შორის გორის სამხედრო ბაზის ტერიტორია. რუსულმა ავიაციამ თბილისის ვაზიანის სამხედრო ბაზა, საავიაციო ქარხანა, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზებიც დაბომბა.
2008 წლის ჯერ კიდევ 5 აგვისტოს როკის გვირაბის ჩრდილოეთით, რუსეთის მხარეს სამხედრო მძიმე ტექნიკის ათასობით ერთეული და ათასობით ჯარისკაცი იყო მობილიზებული და საქართველოში შემოსვლას ელოდებოდა. მათ ნაწილს კი გვირაბი უკვე გადმოკვეთილი ჰქონდა.
მიუხედავად ამისა, კრემლი დღესაც ამტკიცებს, რომ "8 აგვისტოს იძულებული გახდა ცხინვალის მოსახლეობა ქართველებისგან დაეცვა".
2008 წლის აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო მოსამსახურე. ომის დროს დაიჭრა 1747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.
საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შუამავალი იყო იმ დროისთვის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის – საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი. 2008 წლის 12 აგვისტოს სარკოზიმ და რუსეთის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მოსკოვში მოაწერეს ხელი საქართველოში საბრძოლო მოქმედებების დასრულების 6-პუნქტიან შეთანხმებას. ამ დოკუმენტის პირობებს რუსეთი დღემდე არღვევს და უარს ამბობს ომამდელ პოზიციებზე დააბრუნოს საკუთარი სამხედროები.
ომის დასრულებიდან მალევე რუსეთმა საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.
მიმდინარე წლის აპრილში, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ რუსეთის ფედერაციას საქართველოს მოქალაქეებისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 130 მილიონამდე ევროს გადახდა დააკისრა, 2008 წლის აგვისტოში ქვეყანაში შეჭრის საქმეზე.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, "საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასა და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება 8 აგვისტოს 00:00 საათიდან 9 აგვისტოს 00:00 საათამდე საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად".