
კარაბალისი: რუსეთმა ცხინვალიდან გამოცდილი ძალები გაიყვანა
07/08/2023 15:37:05 კონფლიქტები
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის დიმიტრიოს კარაბალისის თქმით, მოსკოვს საქართველოს ტერიტორიიდან – აფხაზეთიდან და ცხინვალიდან თავისი ჯარისკაცები და ტექნიკა გაჰყავს, მაგრამ კონფლიქტი ნებისმიერ დროს შეიძლება გამწვავდეს,– იუწყება გერმანულ სატელევიზიო არხი n-tv.de.
მისი თქმით, რუსეთის კონტროლქვეშ მყოფ რეგიონებში მოსკოვს არსებითად ნაკლები ჯარისკაცი ჰყავს, ვიდრე უკრაინასთან ომის წინ.
დიმიტრიოს კარაბალისი ამბობს, რომ რუსებმა „ბევრი ტექნიკაც გაიყვანეს“ უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო, რუსეთი დამოკიდებულია უცხოეთში მყოფ რესურსებზე. თუმცა დიპლომატი 2008 წლის 7-12 აგვისტოს ომიდან 15 წლის მერეც ვერ ხედავს ძვრას საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტის შესაძლო მოგვარებისთვის.
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის აზრით, აზერბაიჯანისგან განსხვავებით, რომელმაც ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული მოგების საშუალებით შეძლო არმიის გაძლიერება, რათა სომხეთთან ომის შედეგად დაებრუნებინა მთიანი ყარაბაღის რეგიონი, საქართველოში ამგვარი რესურსი არ არის.
„აქ ვცდილობთ, მშვიდი ვითარება შევინარჩუნოთ“, - ამბობს კარაბალისი და დასძენს, რომ დაძაბულობა ნებისმიერ დროს შეიძლება ძალადობაში გადაიზარდოს:
„პატარა ნაპერწკალმა შეიძლება დიდი ცეცხლი გამოიწვიოს“.
კარაბალისი აღნიშნავს, რომ რუსეთმა ცხინვალიდან გაიყვანა გამოცდილი ძალები, მათ ნაცვლად კი არიან გამოუცდელი ჯარისკაცები და მესაზღვრეები, რომლებიც ვითარებაში ვერ ერკვევიან.
„მათ არ იციან, ვინ ვართ ჩვენ, ისინი არ არიან მომზადებული. ეს იწვევს უსაფრთხოების რისკს“, - ხაზს უსვამს ბერძენი დიპლომატი და დასძენს, რომ მისიის საქმიანობის შესახებ განმარტების მიზნით, რუსულ ენაზე დაბეჭდილი ტექსტი დაურიგეს სამხედროებს.