
„უფლებები საქართველო": მნიშვნელოვანი მტკიცებულებების დაზიანების საქმეზე გარდაცვლილი 12 წლის გოგოს დედა დაზარალებულად ცნეს
10/08/2023 06:48:27 სამართალი, საზოგადოება
"უფლებები საქართველოს" ინფორმაციით, ორგანიზაციის ადვოკატების განცხადების საფუძველზე თბილისის პროკურატურამ 12 წლის ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეზე მტკიცებულებების დაზიანების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გოგოს დედა დაზარალებულად ცნო.
ორგანიზაციის ცნობით, "დღეს პროკურატურა დაზარალებულს მტკიცებულებების დაზიანების საქმეში არსებულ მასალებს გადასცემს".
"საქმის მასალების შესწავლის შემდეგ, „უფლებები საქართველო“ შემდგომი დეტალების გასაჯაროებისას იხელმძღვანელებს არასრულწლოვანისა და მისი ოჯახის საუკეთესო ინტერესებით. „უფლებები საქართველომ“ ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეში მტკიცებულებების დაზიანების ფაქტზე გამოძიების დაწყება 2023 წლის 5 ივლისს მოითხოვა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ უნდა დადგინდეს, თუ რა გარემოებებში მოხდა საკვანძო მტკიცებულებების შემცველი დალუქული პაკეტის მთლიანობის დარღვევა, რამაც გარდაცვლილის სხეულიდან აღებულ ნივთმტკიცებებზე მოშავო-მონაცრისფრო, ობისმაგვარი დანაშრევებისა და ნადებების წარმოქმნა გამოიწვია. ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეში მტკიცებულებების დაზიანებას თბილისის პროკურატურა იძიებს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას, ან არაჯეროვნად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფო ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. "უფლებები საქართველო“ 12 წლის გოგოს გარდაცვალებისა და მტკიცებულებების დაზიანების ფაქტებზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს", – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
12 წლის მოზარდის ცხედარი მეზობლებმა და ოჯახის წევრებმა 16 მარტის ღამეს თბილისში, დიდ დიღომში, პეტრიწის 12 ნომერთან იპოვეს. ტერიტორია, სადაც ბავშვი ნახეს, მისი სახლის უკან, დაახლოებით 200 მეტრში მდებარეობს. 5 ივლისს ანი იანუშაიტიტეს დედამ ნატო ხუტაშვილმა მტკიცებულებების დაზიანების შესახებ განცხადება გააკეთა და აღნიშნულში ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დაადანაშაულა.