"ქართულ ოცნებაში" შოვის სტიქიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას "პოლიტიკური ისტერიის მორიგ მცდელობას" უწოდებენ
10/08/2023 11:35:07 პოლიტიკა
"ქართულ ოცნებაში" შოვის სტიქიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას "პოლიტიკური ისტერიის მორიგ მცდელობას" უწოდებენ. შესაბამისი განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს კითხვებზე პასუხების მისაღებად სხვა ინსტრუმენტებიც გააჩნიათ, მათ შორის, სადეპუტატო შეკითხვა და ინტერპელაციის წესით მინისტრის პარლამენტში დაბარება.
„უნდა თქვან, რა კითხვები დარჩა, რომელზეც პასუხი ვერ მიიღეს? მეორე - თუკი რამე აქვთ, ამ კითხვებისთვის რამდენად არის საგამოძიებო კომისიის შექმნა აუცილებელი? მე უფრო მესახება, რომ ეს არის საგამოძიებო კომისიებით მორიგი პოლიტიკური ისტერიის შექმნის მცდელობა. პარლამენტის წევრებს აქვთ სხვადასხვა ინსტრუმენტი, იქნება ეს მაგალითად, სადეპუტატო შეკითხვა, თუ თუნდაც ინტერპელაცია. შეუძლიათ, ინტერპელაციით დაიბარონ მინისტრი და ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები დაუსვან და მოისმინონ პასუხები. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს არის უფრო პოლიტიკური ისტერიის შექმნის კიდევ ერთი მცდელობა, რაც არ ეკადრება ამ მდგომარეობას, რაც ჩვენ ამ სტიქიიდან გამომდინარე გვაქვს. ვფიქრობ, პოლიტიკოსები უფრო სერიოზულად და პასუხისმგებლობით უნდა უდგებოდნენ ამ საკითხს და ასეთ სტიქიას, ტრაგედიას არა თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის და ქულებისთვის იყენებდნენ, არამედ ამ შემთხვევაში, თუკი აქვთ რაიმე საგნობრივი ინტერესი, მათ აქვთ საკმარისი ინსტრუმენტები, თუ ამ ყველაფრის შემდეგ, მათ შორის, დღევანდელი ბრიფინგის გათვალისწინებით, გუშინდელი დასკვნების და სატელიტური ფოტოების გათვალისწინებით, თუკი რაიმე ღია კითხვა აქვთ, დასვან საჯაროდ და იქნებ საჯაროდაც იღებენ პასუხს. ან მეორე - შეუძლიათ, ინტერპელაციის წესი გამოიყენონ. იქ ხომ არ არის აუცილებელი კენჭისყრა და ა.შ. მე მიკვირს, რომ ზუსტად იმ ინსტრუმენტს, რომელიც აქვს ხელში ფრაქციას, უაპელაციოდ შეუძლიათ გამოიყენონ, ნაცვლად იმისა, რომ ეს ინსტრუმენტი გამოიყენონ, სხვა ინსტრუმენტს ეჭიდებიან, რომლისთვისაც საჭიროა, რომ თავად ოპოზიციაც მობილიზდეს. ამიტომ, მე ვფიქრობ, ეს არის უფრო პოლიტიკური ისტერიის შექმნის მცდელობა,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
"ქართული ოცნების" კიდევ ერთი წევრის, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნას და საკითხის საპარლამენტო კომისიის მიერ შესწავლას ობიექტური საჭიროება უნდა განაპირობებდეს.
„პოლიტიკოსები თავადაც ვერ გარკვეულან, არც ერთი სპეციალისტის მოსაზრება არ მოუსმენიათ და პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდიან. საკითხის შესწავლა-გამოკვლევა, კითხვის დასმა ნორმალურია, მაგრამ საგამოძიებო კომისიის შექმნის თვითმიზნად გამოცხადება, როცა ჯერ ობიექტურად ვერ გარკვეულან ამის საჭიროება არის თუ არა, სწორი არ არის. იქნებ მეცნიერების მხრიდან ისეთი დასკვნა დაიდოს, რაც ეჭვს აღარ აღძრავს. ასეთ შემთხვევაში საგამოძიებო კომისია მაინც უნდა შეიქმნას? მგონია, რომ არა! გადაწყვეტილებები იმის მიხედვით უნდა მივიღოთ, თუ რამდენად იქნება საპარლამენტო ფორმატებით საკითხის გამოკვლევის საჭიროება. ყველაფერს ისეთი პირი უჩანს, რომ რეალურად არც ერთი ისეთი საკითხი არ დარჩება, რომლის შესაფასებლად საკმარისი საფუძველი და მასალა არ იქნება. ყველაფერი გვექნება საიმისოდ, რომ ჩვენ ჩვენი შეხედულება დამატებითი შესწავლის გარეშე ჩამოვიყალიბოთ. თუკი ყველაფერზე პასუხი იარსებებს, შეიძლება საგამოძიებო კომისიის მიერ შესასწავლი არც არაფერი დარჩეს", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
შოვის სტიქიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას "ნაციონალური მოძრაობაც" მოითხოვს. მანამდე, შოვში მომხდართან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ მოითხოვა.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, შოვში დაღუპული 21 მოქალაქიდან 19 იდენტიფიცირებულია, 12 მოქალაქის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.


