Accentnews.ge
რუს ოკუპანტებთან უთანასწორო ბრძოლაში დაღუპული შინდისის 17 გმირის ხსოვნას პატივს მიაგებენ

რუს ოკუპანტებთან უთანასწორო ბრძოლაში დაღუპული შინდისის 17 გმირის ხსოვნას პატივს მიაგებენ

11/08/2023 08:02:44 კონფლიქტები

საქართველოში პატივს მიაგებენ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუს ოკუპანტებთან უთანასწორო ბრძოლაში დაღუპული შინდისის 17 გმირის ხსოვნას.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში მდებარე მემორიალთან შეიკრიბნენ დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრები და თანამებრძოლები. მემორიალი გვირგვინებით შეამკეს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა.

რა თქვეს შინდისში მთავრობის წარმომადგენლებმა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი:

"ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გამორჩეულ, სახელოვან გმირებს, შინდისის გმირებს. 15 წელი გავიდა მათი გმირული დაღუპვიდან, მათ შესწირეს საკუთარი სიცოცხლე, ყველაზე ძვირფასი შესწირეს სამშობლოს და დაგვიტოვეს უზარმაზარი გმირობის, თავდადების, თავგანწირვის მაგალითები, ისტორიები, რომლებზეც უნდა გაიზარდოს ჩვენი მომავალი თაობა. ეს ბრძოლა იყო თავგანწირვის, ქართველობის, გაუტეხელი სულის, სიმამაცის, ვაჟკაცობისა და ჩვენი ქვეყნის სიყვარულის მაგალითი. იცით თქვენ, ძალიან ბევრი დეტალი გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც ეს ბრძოლა, შინდისის ბრძოლა გაიმართა, როგორი თავდადება გვაჩვენეს ჩვენმა გმირმა ბიჭებმა, კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე, და მათ ოჯახებს მე მინდა კიდევ ერთხელ ჩვენი მთავრობის სახელით მადლობა გადავუხადო ასეთი გმირების გაზრდისთვის. იცით, რომ ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ მტერს, მოწინააღმდეგე მხარეს ჰქონდა განცდა იმისა, რომ აქედან მთელი დივიზიონი ებრძოდა. ამ დროს სულ 17 კაცი, ერთი ოცეული იბრძოდა თავგანწირვით. ესაა მაგალითი ქართველობის, გაუტეხელი სულის, სიმამაცის, ვაჟკაცობისა და ჩვენი ქვეყნის სიყვარულის.

საუბედუროდ, ამავე დღეს, სამწუხაროდ, ეს ჩვენი სირცხვილია ამავდროულად, რადგან ამავე დღეს, ამ გმირობის დღეს ასევე არნახული სიმხდალე აჩვენა ყოფილმა მთავარსარდალმა, ე.წ. მთავარსარდალმა. ამავე დღეს, 2008 წლის 11 აგვისტოს გახსოვთ გაქცეული სააკაშვილი თვითმფრინავის ხმის გამო. მას ყავდა ჩამოყვანილი აქ სტუმარი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და მაშინ როცა ჩვენი გირები აქ თავს წირავდნენ, ყოფილი პრეზიდენტი გარბოდა და მიწაზე გართხმული მისი შეშინებული სახე ნახა მთელმა მსოფლიომ. ეს რაზე მიგვითითებს მეგობრებო? ეს მიგვითითებს იმაზე, რომ ჩვენი ეს ლომი ბიჭები, რომ იტყვიან ლომების არმია იბრძოდა თავდადებით, თავგანწირვით და ამ ადროს სათავეში იდგა გამყიდველი, მოღალატე, შემარცხვენელი და მხდალი კაცი.

საბედნიეროდ, ქართველმა ხალხმა შესაბამისი დასკვნები გამოიტანა. რა თქმა უნდა, ეს ოკუპაცია მძიმე მემკვიდრეობაა. დღეს ჩვენი ძირძველი ტერიტორიების ძირითადი ნაწილი, ორივე რეგიონი ოკუპირებულია დროებით, ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, მაგრამ ჩვენ ჩვენი ჭკუით, გონიერებით, თანმიმდევრული ნაბიჯებით უნდა მოვახერხოთ, უნდა აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. კიდევ ერთხელ დიდება ჩვენს გმირებს და ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე".

თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე:

„დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ჩვენი შინდისის გმირები. 17 გმირი არის სახე და მაგალითი საქართველოს ისტორიის. ერთ მხარეს იდგა 17 გმირი და მეორე მხარეს უსამართლობა. ხუთი ტანკი, ასეული, ჯავშანტექნიკა, მსხვილკალიბრიანი იარაღი - აი, ეს იყო დაპირისპირებული ჩვენი 17 გმირის წინააღმდეგ, თუმცა მათ ჩვენი გმირები ვერ გატეხეს. ასე არის ისტორიის მანძილზეც, ჩვენს გმირებს ვერ გატეხენ. ჩვენს გმირებზე დგას ჩვენი სამშობლო და ჩვენი მომავალი. [...] ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რაც ხდება და რაც შეიძლება, მოხდეს ყოველდღიურად. ამის პარალელურად, დარწმუნებული ვარ, ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკა ჩვენი ქვეყნის გამთლიანებამდე მიგვიყვანს".

2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისის რკინიგზის სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული უთანასწორო ბრძოლაში ჩაება რუსულ მოტომსროლელ ასეულთან. ბრძოლამ დაახლოებით ერთ საათს გასტანა. შინდისის ბრძოლაში 17 ჯარისკაცი დაიღუპა.

  • შინდისის გმირები არიან: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

ცნობისთვის: რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 15 წელი გავიდა. 2008 წელს აგვისტოს დასაწყისში გორის მუნიციპალიტეტში ვითარება დაიძაბა, რომელიც 7 აგვისტოს გამწვავდა, რასაც ხუთდღიანი შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა.

რუსულმა ავიაციამ იერიში მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განლაგებულ სამხედრო ბაზასა და აეროპორტზე, ორჯერ დიბომბა გორი, მათ შორის გორის სამხედრო ბაზის ტერიტორია. რუსულმა ავიაციამ თბილისის ვაზიანის სამხედრო ბაზა, საავიაციო ქარხანა, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზებიც დაბომბა.

2008 წლის ჯერ კიდევ 5 აგვისტოს როკის გვირაბის ჩრდილოეთით, რუსეთის მხარეს სამხედრო მძიმე ტექნიკის ათასობით ერთეული და ათასობით ჯარისკაცი იყო მობილიზებული და საქართველოში შემოსვლას ელოდებოდა. მათ ნაწილს კი გვირაბი უკვე გადმოკვეთილი ჰქონდა.

მიუხედავად ამისა, კრემლი დღესაც ამტკიცებს, რომ "8 აგვისტოს იძულებული გახდა ცხინვალის მოსახლეობა ქართველებისგან დაეცვა".

2008 წლის აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო მოსამსახურე. ომის დროს დაიჭრა 1747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.

საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შუამავალი იყო იმ დროისთვის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის – საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი. 2008 წლის 12 აგვისტოს სარკოზიმ და რუსეთის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მოსკოვში მოაწერეს ხელი საქართველოში საბრძოლო მოქმედებების დასრულების 6-პუნქტიან შეთანხმებას. ამ დოკუმენტის პირობებს რუსეთი დღემდე არღვევს და უარს ამბობს ომამდელ პოზიციებზე დააბრუნოს საკუთარი სამხედროები.

ომის დასრულებიდან მალევე რუსეთმა საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S