
DRI: "გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლები პრაქტიკულად დაიცალა"
11/08/2023 09:12:38 კონფლიქტები
"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" ( DRI) აქვეყნებს ანგარიშს, რომელშიც საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებზეა საუბარი.
ორგანიზაციის ცნობით, DRI–მ 2023 წლის ივლისში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში არსებული ვითარება შეისწავლა.
"საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის პრობლემების შესწავლის მიზნით წალენჯიხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების სოფლები - განმუხური, ხურჩა, ორსანტია, რუხი, ტყაია, რიყე, ანაკლია, მუჟავას თემი, ფახულანის თემი, ფოცხო-ეწერის დევნილთა ჩასახლება და გადასასვლელი საგუშაგოები მოვინახულეთ. ვიზიტმა დაგვარწმუნა, რომ გასულ წლებთან შედარებით, ადგილობრივი ხელისუფლება ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე ზოგიერთ დასახლებაში გარკვეულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს და ამ მიმართულებით პროგრესი შეინიშნება. ამჟამად მოსახლეობის ძირითად პრობლემებს შორის ცენტრალური ადგილი ეკონომიკურ სიდუხჭირეს და სოფლების მოსახლეობისგან დაცლაზე წუხილს უჭირავს. საოკუპაციო ხაზთან არსებულმა მძიმე სოციალურ-ეკონომიკურმა მდგომარეობამ და უსაფრთხოების პრობლემებმა, როგორც ჩანს, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების პრაქტიკული დაცლა გამოიწვია", – ნათქვამია ანგარიშში.
ერთ-ერთ მაგალითად, კვლევაში მოყვანილია განმუხური:
"სოფელში 600-ზე მეტი კომლია და 1,300 მოსახლე ცხოვრობს. გამყოფი ხაზი გალის რაიონის სოფელ ფიჩორსა და განმუხურს შორის გადის. სოფლებს შორის არსებული „გადასასვლელი პუნქტი“ 2017 წლის მარტიდან აღარ ფუნქციონირებს. „საზღვრის“ უშუალო სიახლოვეს მცხოვრები სამი ოჯახის კარ-მიდამოს ნაწილი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ, ნაწილი კი- ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული. განმუხური-ფიჩორის საგუშაგოსთან, შიდა გზა ხრეშმოყრილია, თუმცა დაზიანებული. 2021 წლის ვიზიტისგან განსხვავებით, როდესაც სოფლის მაცხოვრებლებთან საუბარი შევძელით, სოფელი უკაცრიელად გამოიყურება. საგუშაგოში მხოლოდ ერთი სამართალდამცავი შევნიშნეთ”.