
ასლან ბჟანიამ მოსკოვში ოპერაცია გაიკეთა
17/08/2023 07:59:20 კონფლიქტები
რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული რეგიონის – აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ასლან ბჟანიას ოპერაცია მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში გაუკეთეს.
„დეტალური დიაგნოსტირების შემდეგ მას ოპერაცია ჩაუტარდა. პროცედურამ წარმატებით ჩაიარა. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას სიცოცხლეს და ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება“, - ციტირებს გამოცემა Apsnypress ბჟანიას პრეს–სამსახურის განცხადებას.
იუწყებიან, რომ სარეაბილიტაციო პერიოდი რამდენიმე დღე გაგრძელდება, რის შემდეგაც ის "მივლინებას რუსეთში გააგრძელებს".
10 აგვისტოს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ასლან ბჟანია მოსკოვში სამუშაო ვიზიტისას შეუძლოდ გახდა და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. იუწყებოდნენ, რომ მას უტარდება აუცილებელი გამოკვლევა უროლიტიზის გამწვავების გამო.
2022 წელს ასლან ბჟანიას თირკმლის ოპერაცია ჩაუტარდა. მანამდე, 2019 წელს მისი მოწამვლის შესახებ იუწყებოდნენ.