სარჯველაძე "აბსოლუტურად სწორს" უწოდებს ჯელაძის შესახებ კობახიძის ორივე განცხადებას და პატიებას ითხოვს, "თუკი ვინმეს ღვაწლი დააკნინა"
17/08/2023 08:45:26 პოლიტიკა
"აბსოლუტურად სწორი", – ასე აფასებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ 14 და 16 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებებს შოვის სტიქიას გადარჩენილ დავით ჯელაძის შესახებ.
14 აგვისტოს კობახიძემ ჯელაძის ნაამბობს ტყუილი უწოდა, 16 აგვისტოს კი "სინანული გამოვხატა იმასთან დაკავშირებით, რომ დათო ჯელაძეს გული ატკინა".
სარჯველაძის შეფასებით, კობახიძემ გიშინდელი განცადებით "ყოველგვარი სპეკულაციის მიზეზი მოსპო" და განაცხადა, რომ "არ ჰქონიათ განზრახვა, ვინმეს ღვაწლი დაეკნინებინათ და პატიება ითხოვა, თუკი ასე გამოვიდა".
"იმ დღეს, როცა ვსაუბრობდი, ვთქვი და დღესაც გავიმეორებ, რომ ძალიან ხშირად ხდება, როცა გარკვეული ფრაზები კონტექსტიდან ამოგლეჯილად ვრცელდება და ეს გარკვეულ არასწორ შთაბეჭდილებას და არასწორ აღქმებს ქმნის. ის რაც გუშინ ირაკლი კობახიძემ თქვა, აბსოლუტურად სწორი იყო, თუმცა აქვე მინდა, ვთქვა, რომ ის რაც ყველაზე მეტად ვაჟკაცურად გამოიყურებოდა და აბსოლუტურად კორექტული იყო, რა თქმა უნდა, არავის, არც პირველ, არც მეორე დღეს და არც არასდროს არ გვქონია სურვილი, რომ ვინმეს ღვაწლი, ვინმეს ჰეროიკული საქციელი და ვინმეს გმირობა დაგვეკნინებინა. ეს თქვა და ყოველგვარი სპეკულაციის მიზეზი მოსპო. ეს არის ძალიან დასაფასებელი რაც ირაკლიმ გააკეთა. რასაკვირველია, მე ამ განცხადებას ვუერთდები და მინდა დავადასტურო ჩემი ღრმა პატივისცემა ნებისმიერი ადამიანის მიმართ, ვინც არა თუ უბრალოდ გადარჩა, არამედ გმირობა გამოიჩინა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს და უნდა ვთქვათ, რომ არც ირაკლის და არც მე არასდროს გვქონია განზრახვა და სურვილი, რომ ვინმე შეურაცხყოფილი დარჩენილიყო, ვინმეს ღვაწლის დაკნინება ნამდვილად არ გვინდოდა. პატიებას ვითხოვთ, თუკი ასე გამოვიდა და ვინმეს ასეთი შთაბეჭდილება გაუჩნდა, რომ ვინმეს ღვაწლი დავაკნინეთ", - განაცხადა სარჯველაძემ.
ცნობისთვის: 14 აგვისტოს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, გადარჩენის შანსი უბრალოდ არ ჰქონდათ":
"იყო ასევე სპეკულაციები, არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათი ებრძოდა ღვარცოფს, რაც არის წარმოუდგენელი ტყუილი. შეუძლებელია ასე განვითარებულიყო იქ პროცესი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სტიქია იყო მყისიერი... საუბარი იმაზე, რომ ვიღაც 3 საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი".
მან დავით ჯელაძის შესახებაც ისაუბრა:
"მე ვერ გეტყვით ამ ფოტოზე, გადავამოწმებ, არ ვიცი. რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა ეს არ ვიცი, იმიტომ, რომ, რა თქმა უნდა, უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა, იქ ბევრი ადამიანი დარჩა. ჩვენ ვიყავით მეორე დღეს მაგ ტერიტორიაზე და იქ გადასვლა იყო პრაქტიკულად წარმოუდგენელი, ამიტომ გადასამოწმებელია ეს ყველაფერი, არ ვიცი, მე უბრალოდ ვერ გეტყვით მაგასთან დაკავშირებით".
ირაკლი კობახიძის აღნიშნულ განცხადებას, როგორც დავით ჯელაძის, ისე საზოგადოების მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა.
ამავე თემზე: ღვარცოფში მცირეწლოვან დისშვილთან ერთად მოყოლილი ჯელაძე კობახიძეს მიმართავს: "ეს რა თქვი?!".
"ქართული ოცნების" რიგი წარმომადგენლები კობახიძის მიერ 14 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებას "მართებულს" უწოდებდა. შესაბამისი განცხადება პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა:
- "რაც თქვა ირაკლი კობახიძემ, იყო აბსოლუტურად მართებული და არავითარი მიზეზი არ გაქვთ ახლა, რომ რაღაცა ფორმით ინტერპრეტაციების ტირაჟირება მოახდინოთ, რასაც ახლა თქვენ ცდილობთ. თუ გადარჩა ადამიანი, განაპირა მხარეს არის, ამ ტალახის მასაზე რატომ უნდა გადასულიყო, არ ვიცი უბრალოდ. შეიძლება, რამე კონკრეტული მიზეზი არსებობს".
მოგვიანებით, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ "შოვში გადარჩენილი მოქალაქეების თავგანწირვაში არავის ეპარება ეჭვი":
- "ესეც არის სწორედ იმ სპეკულაციის ნაწილი, რომელსაც ბოლო 12 დღეა, ვაკვირდებით და ეს არის სურვილი გარკვეული ჯგუფების მხრიდან, რომ რაღაცნაირად შემოიტანონ უთანხმოების ატმოსფერო. ირაკლი კობახიძეს არანაირად არ უგულისხმია, რომ ვიღაცას რაღაც ფიზიკურად შეეძლო, თუ არ შეეძლო. იქ სტიქია რა სახის იყო, თავად ირაკლი კობახიძემაც ნახა საკუთარი თვალით. ბევრი რამ დაუჯერებელი არის და ვხედავდით მაშველებს, როგორ უჭირდათ მუშაობა. რაც შეეხება მოქალაქეებს, ვინც გადარჩნენ, არავის თავგანწირვაში არავის ეჭვი არ ეპარება".
შოვში მეწყრული პროცესები 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე განვითარდა. სამაშველო ვერტმფრენი ადგილზე შეტყობინების მიღებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ ჩაფრინდა. მოხდა 200-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია, ნაპოვნია 26 ადამიანის ცხედარი, 7 პირს ამ დრომდე ეძებენ.
გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი, 116-ე და 240-ე მუხლებით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.


