Accentnews.ge
აფხაზეთი რუსეთთან მიერთებაზე უარს ამბობს

აფხაზეთი რუსეთთან მიერთებაზე უარს ამბობს

24/08/2023 08:31:57 კონფლიქტები

აფხაზეთი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის შესაძლებლობას არ განიხილავს. ამის შესახებ რუსეთის მიერ ოკუპირებული ამ რეგიონის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა.

"ჩვენთან არ არსებობს არც ერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც რუსეთის შემადგენლობაში შესვლას გვთავაზობს. ჩვენი პოლიტიკური ძალები მხარს უჭერენ რუსეთთან ახლო სამოკავშირეო ურთიერთობებს, მაგრამ არა რუსეთის სუბიექტად ქცევას" - განაცხადა შამბამ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის - ექს-პრეზიდენტ და ექს-პრემიერ დიმიტრი მედვედევის ამასწინანდელი სკანდალური გამონათქვამების საპასუხოდ.

მისივე ინფორმაციით, უახლოეს ხანებში მედვედევს დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია შეხვდება, რომელიც სამურნალოდ რუსეთში იმყოფება.

ცნობისთვის: მედვედევის მუქარას მოსკოვისთვის "არასასურველი პროცესების განვითარების შემთხვევაში" რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონების მიერთების შესახებ 23 აგვისტოს საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყებაც გამოეხმაურა და მას "რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პოლიტიკის გარძელება და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მორიგი მცდელობა" უწოდა.

"მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს და შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება. საქართველო განუხრელად მიჰყვება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, ამ გზით საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის, ომის შედეგად დაშორიშორებულ მოსახლეობებს შორის შერიგების და მშიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფის პოლიტიკას" - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

მედვედევის განცხადებას საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეც გამოეხმაურა. მედიასთან კომენტარში მან აღნიშნა, რომ ეს "კატეგორიულად მიუღებელი განცხადებაა", რომ "საქართველო ვერასდროს, ვერც ერთ შემთხვევაში შეურიგდება ტერიტორიების ოკუპაციას" და "ურყევად გააგრძელებს ბრძოლას დეოკუპაციისთვის".

მედვედევის გამონათქვამებს კომენტარები მოჰყვა თავად რუსეთშიც. კერძოდ, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა, დსთ-ის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კონსტანტინ ზატულინმა განაცხადა, რომ „ამ რესპუბლიკების რუსეთის ფედერაციასთან მიერთებით შესაძლოა, სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობები გაფუჭდეს, საქართველოში კი რადიკალებს გაუმყარდეთ აზრი, რომ მოსკოვი აგრესორია“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S