
დავით ქაცარავა: რუსმა ოკუპანტებმა კირბალის ეკლესიის კარი აჭედეს
28/08/2023 15:04:09 კონფლიქტები
“ანტისაოკუპაციო მოძრაობის” ლიდერის დავით ქაცარავას ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში მდებარე ეკლესიის კარი აჭედეს. შესაბამისი კადრები მან დღეს "ფეისბუქში" პირად გვერდზე გაავრცელა.
"დღეს, პატრულირებისას აღმოვაჩინეთ, რომ ღორმა ოკუპანტებმა, გორის რაიონის სოფელ კირბალის წმინდა ლომისის ტაძრის შესასვლელი კარი აჭედეს. მართალია, ეს ტაძარი ოკუპირებულია, მაგრამ იცვლება ამით რამე? აი ამ ღორებს უწოდებთ ერთმორწმუნეებს? ამათთან გაქვთ საერთო ქრისტიანული ღირებულებები? საქართველოს მთავრობა აი ამ ღორისშვილებთან ათბობთ ურთიერთობებს?", – წერს ქაცარავა სოციალურ ქსელში.
"აქცენტის" ინფორმაციით, ქართული მხარე აღნიშნულ საკითხს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 59-ე რაუნდზე დააყენებს.
წმინდა გიორგის ეკლესია გვიან ფეოდალური ხანით თარიღდება. წლების განმავლობაში ის დაზიანებული იყო და ტერიტორიის ოკუპაციამდე ადგილობრივმა მოსახლეობამ აღადგინა.