Accentnews.ge
ოპოზიცია: ევროპული კურსის მხარდაჭერის გამო პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყება პუტინისთვის კიდევ ერთ საჩუქარს ნიშნავს

ოპოზიცია: ევროპული კურსის მხარდაჭერის გამო პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყება პუტინისთვის კიდევ ერთ საჩუქარს ნიშნავს

01/09/2023 09:05:42 პოლიტიკა

ოპოზიცია პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ეხმიანება.

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი დეპუტატი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ ევროპული კურსის მხარდაჭერის გამო პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყება პუტინისთვის კიდევ ერთ საჩუქარს ნიშნავს:

"კობახიძემ, როგორც კონსტიტუციონალისტმა, უნდა იცოდეს, რომ სამართლებრივზე მეტად ეს არის პოლიტიკური პროცესი. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არანაირ შედეგს არ დებს, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი, ანუ პოლიტიკური ორგანო, პოლიტიკური მიზანშეწონილობის საფუძველზე. ევროპული კურსის მხარდაჭერის გამო, პრეზიდენტის იმპიჩმენტი არის პირდაპირი ლუსტრაცია, თუ ვის სამსახურში დგას ე.წ. “ქართული ოცნების” ხელისუფლება. ეს არის პირდაპირ ღალატის გზა, ყველა პარლამენტის წევრის “ქართული ოცნებიდან” და ე.წ. ოპოზიციიდან (ეგეთიც არსებობს) ხელისმოწერა და დათანხმება ამ იმპიჩმენტის პროცედურაზე ნიშნავს საქართველოს ღალატს, რაც არ შეიფუთება და ჩვენ დავთვლით, რამდენი მოღალატე იქნება პარლამენტში. ეს არანაირი სამართლებრივი, პროცედურული საკითხი არ არის, რადგან ირაკლი კობახიძემ კარგად იცის, რომ საბოლოო ვერდიქტი არის პარლამენტის ხელში და გადაწყვეტილება არის პოლიტიკური. ევროპული კურსის მხარდაჭერის გამო პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყება ნიშნავს პუტინისთვის კიდევ ერთ საჩუქარს. ყველა ხელმოწერა, ყველა სახელი და გვარი, რომელიც დაფიქსირდება ამ წარდგინებაზე, რომელსაც საკონსტიტუციოში შეიტანენ, უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოს ღალატზე ხელისმოწერაა. ისინი ცდილობენ რუსეთში მათ პატრონებს დაუმტკიცონ ლოიალობა, უთხრან, რომ საფრანგეთში გაზრდილი პრეზიდენტი კი ჰყავთ, მაგრამ მას ემიჯნებიან და ყველა ქართულ პროდასავლურ გამოვლინებას ამოძირკვავენ ჩანასახში, რომ რუსული კანონი ვერ მიიღეს, მაგრამ დასჯიან ევროინტეგრაციის მხარდამჭერ პრეზიდენტს, დასჯიან ყველას, ვინც გაბედავს ღიად მხარი დაუჭიროს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას".

პარტია "ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ "ოცნებამ" პრორუსული გადაწყვეტილება მიიღო.

პარტია მოუწოდებს ყველას, მათ შორის საპარლამენტო ოპოზიციას მმართველ გუნდთან არ შევიდეს არანაირ განხილვაში ხელისუფლებასთან.

"შეშინებული და მხდალი პოლიტიკური გუნდი ვერ ახორციელებს რეალურ პოლიტიკურ პროცესებს და ამისთვის ქმნის სრულიად გაუგებარ და გაუგონარ პოლიტიკურ მაქინაციებს. ჩვენთვის ცხადია ის, რომ დღეს "ქართულმა ოცნებამ" მიიღო პრორუსული გადაწყვეტილება, მაშინ როდესაც სალომე ზურაბიშვილი იმყოფება ევროპის დედაქალაქებში იმისთვის, რომ აწარმოოს მოლაპარაკება კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, ამის პარალელურად საქართველოს ხელისუფალი ქართული ოცნების სახით,რომელიც ემსახურება ყოველდღიურად რუსეთის ინტერესებს იწყებს პრეზიდენტის იმპიჩმენტს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოს პარლამენტის გავლით. ეს იქნება იმპიჩმენტი, რომელიც ვერ შედგება და წარმოუდგენელია რომ მისი ფინალამდე მიყვანა "ქართულმა ოცნებამ" შეძლოს. მოვუწოდებთ მათ შორის საპარლამენტო ოპოზიციას, არ შევიდეს არანაირ განხილვაში ამ საკითხთან დაკავშირებით, ეს იქნება გამყოფი წითელი ხაზი "ქართული ოცნების" პრორუსულ პოლიტიკასა და პროდასავლურ ნაბიჯებს შორის", -განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი მიიჩნევს, რომ "იმპიჩმენტის პროცესი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ “ქართული ოცნება“ ყველა ბერკეტის გამოყენებით ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის საბოტაჟს აგრძელებს, ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მათ სურთ გადაფარონ ის პოლიტიკური დღის წესრიგი, რაც მათთვის სასიცოცხლო საფრთხის შემცველია - “ნაციონალური მოძრაობის” აქტიურობა, ის რაც ხალხს აწუხებს":

"შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით მათი გულგრილობა, უმოქმედობა, მათ შორის ეს ყველაფერი უკავშირდება იმ სოციალურ პრობლემებს, რომლებზეც “ნაციონალური მოძრაობა” აკეთებს აქცენტს და კონკრეტული პროგრამები გვაქვს.

ზოგადად, ოპოზიციის სხვა აქტორების აქტიურობას უპირისპირებენ ამ ხელოვნურ თემებს, რომელსაც ისედაც ვერ განახორციელებენ, რადგან საკონსტიტუციო უმრავლესობა მათ არ აქვთ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი მოახდინონ“.

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცესი ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის:

„ქართული ოცნების“ მიერ დღეს გამოცხადებული, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი, მიუხედავად იმისა, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს პროცედურა, ქართული საზოგადოებისთვის რამდენიმე რამეს ნიშნავს. პირველი, ეს გახლავთ გააზრებული ნაბიჯი ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ, ეს ნაბიჯი ფაქტობრივად საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს. მეორე, ეს გახლავთ მიზანმიმართული ნაბიჯი ქვეყანაში რადიკალიზაციის, დაპირისპირების, პოლარიზაციის გაღრმავებისკენ, რაც რა თქმა უნდა, ქართულ სახელმწიფოს სტაბილურობის სერიოზულ პრობლემას უქმნის. სწორედ ამიტომ, პარტია „საქართველოსთვის“, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას მხარს არ დაუჭერს. გარდა ამისა, მინდა თხოვნით მივმართო ბევრ ღირსეულ ადამიანს, ვინც დარჩა ჯერ კიდევ „ოცნებაში“, მინდა მათ ვკითხო, როგორ ფიქრობთ, 2012 წელს გამარჯვების შემდგომ, რატომ არავის მოსვლია აზრად სააკაშვილის იმპიჩმენტის დაყენება და დღეს რატომ აყენებს ვიღაც საქართველოს იმ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს, რომლის არჩევაშიც თქვენც და მეც პირადად დიდი წვლილი გვაქვს მიღებული?“.

ცნობისთვის: „ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.

30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს გამართავდა. 31 აგვისტოს იგი ბერლინში გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.

მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნატქვამი იყო, რომ პრეზოდენტს მის მიერ მოთხოვნილ ვიზიტზე ყველა უარი განუცხადეს. გუშინ მმართველი პარტია პრეზიდენტს "კონსტიტუციის დარღვევის გამო" საპასუხო ზომებით დაემუქრა.

ამავე თემაზე: რა შემთხვევაში ჩაითვლება საქართველოს პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S