გერმანიის ელჩი: კანდიდატი სტატუსი ისტორიული შესაძლებლობაა, რომელზეც ერთად უნდა ვიმუშაოთ – სწორედ ახლა, 2023 წლის მეორე ნახევარში
01/09/2023 11:01:27 პოლიტიკა
საქართველოში გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერის განცხადებით, ახლა მთავარი ამოცანაა, უზრუნველვყოთ, რომ დეკემბერში საქართველომ მიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ამის შესახებ ელჩი ვიდეოში საუბრობს, რომელიც "ტვიტერში" მის პირად გვერდზე გამოქვეყნდა.
„მოგესალმებით ქალაქ ვაიმარიდან. ზუსტად ერთი წლის წინ მე და ჩემი მეუღლე ჩამოვედით თბილისში და ეს თარიღი მაძლევს იმის მიზეზს, რომ გასულ ერთ წელიწადს გადავხედო და ორი მნიშვნელოვანი რამ აღვნიშნო. პირველი ის არის, რომ ძალიან შეგვიყვარდა ლამაზი თბილისი, ლამაზი საქართველო და გულთბილი ქართველები. მეორეა, რომ ახლა, 2023 წლის მეორე ნახევარში მთავარი ამოცანაა, უზრუნველვყოთ, რომ დეკემბერში საქართველომ მიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ეს ისტორიული შესაძლებლობაა, რომელზეც ერთადა უნდ ვიმუშაოთ – სწორედ ახლა, 2023 წლის მეორე ნახევარში“, – განაცხადა პეტერ ფიშერმა.
ცნობისთვის: 30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს გამართავდა. 31 აგვისტოს იგი ბერლინში გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.
მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზოდენტს მის მიერ მოთხოვნილ ვიზიტზე ყველა უარი განუცხადეს. გუშინ მმართველი პარტია პრეზიდენტს "კონსტიტუციის დარღვევის გამო" საპასუხო ზომებით დაემუქრა.
დღეს „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.
ამავე თემაზე: რა შემთხვევაში ჩაითვლება საქართველოს პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად.


