01-09-2023 15:23:59 პოლიტიკა
ევროპარლამენტარების ნაწილი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ეხმიანება.
„შოკირებული ვარ, როცა გავიგო პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის გეგმებზე მაშინ, როცა იგი ევროკავშირის ლიდერებს უნდა ესაუბროს. ის ნამდვილად პროევროპული პოლიტიკოსია. [...] თუ „ოცნებას“ კანდიდატის სტატუსი სურს, [პრეზიდენტის] მოლაპარაკებებზე ნებართვას უნდა გასცემდეს და არა მათი შედეგის ეშინოდეს“, – წერს ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა სოციალურ ქსელში.
კიდევ ერთი ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას "აბსურდულ ნაბიჯს" უწოდებს.
"სრულიად აბსურდული ნაბიჯით "ქართული ოცნება" კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მას არ აქვს ინტერესი არც პოლიტიკური პოლარიზაციისა და არც საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ", - წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში.
ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი არის მმართველი პარტიის მიზანმიმართული მცდელობა, მოკლას კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი.
„ეს არის „ქართული ოცნების“ მიზანმიმართული პოლიტიკა. პრეზიდენტი ძალიან კარგ საქმეს აკეთებს, რომ საქართველოს სტატუსი მიენიჭოს. ახლა კი ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა უკმაყოფილოა პრეზიდენტის ამ წარმატებული აქტივობების. ამიტომაც დაიწყეს, ვიტყოდი, ანტიეროვნული და სულელური ნაბიჯების გადადგმა. ახლა ჩავხედე საქართველოს კონსტიტუციას, პარაგრაფი 49, რომელიც ამბობს, რომ პრეზიდენტი წარმოადგენს საგარეო ურთიერთობებს და პარაგრაფი 52. ჩემთვის აშკარაა, ვინ არღვევს კონსტიტუციას, ეს არის მთავრობა და მმართველი პარტია. ეს არა მხოლოდ კონსტიტუციას, არამედ ეროვნული ინტერესების დარღვევაცაა. არა ზურაბიშვილი, არამედ „ქართული ოცნება“ ახდენს საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟს. ამ ინიციატივით აჩვენებენ, რომ ევროპული პოლიტიკური კოალიციები მათთვის მისაღები არ არის. ისინი არ მოქმედებენ ევროპულად და თავს ესხმიან პრეზიდენტს, რომელიც ცდილობს, საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. მთავრობა კი ყველაფერს საწინააღმდეგოდ აკეთებს. კრემლი კი ბედნიერია“, – განუცხადა კუბილიუსმა „ტვ პირველს“.
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე აცხადებს, რომ მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.
"დღევანდელი გადაწყვეტილება არ გამკვირვებია, რადგან სამწუხაროდ, ქართული ოცნება, საქართველოს მთავრობა მიყვება შეხედულებას, რომ ისე უნდა გაუმკლავდეს განსხვავებულ აზრს და ხალხს, რომელიც ეწინააღმდეგება იმას, როგორც ამას პუტინი აკეთებს. მათ მოსწონთ, პოლიტიკური ლანდშტაფტიდან დაუყოვნებლივ ამოიღონ ყველა, როგორც კი შეძლებენ. იგივე გაუკეთეს სააკაშვილს. ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, დარჩეს მარტო, როგორც ეს პუტინმა გააკეთა რუსეთში. სამწუხაროდ, ეს არ არის მხოლოდ ჩემი მოსაზრება. საქართველოში პროცესი მიდის, როგორც დიდი გამარჯვება კრემლისთვის. პერიოდულად, თვალს ვადევნებ კრემლის პროპაგანდას და ისინი ძალიან ბედნიერები არიან, როდესაც საქართველოს ამჟამინდელ ვითარებაზე საუბრობენ. პრეზიდენტზე ეს კონკრეტული გადაწყვეტილება ჩანს ისე, რომ მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. როგორც ჩანს, ისინი მხოლოდ მოსკოვის ხაზს მიჰყვებიან", - განუცხდა ევროპარლამენტარმა ტელეკომპანია "ფორმულას".
ცნობისთვის: 30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს გამართავდა. 31 აგვისტოს იგი ბერლინში გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.
მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზოდენტს მის მიერ მოთხოვნილ ვიზიტზე ყველა უარი განუცხადეს. გუშინ მმართველი პარტია პრეზიდენტს "კონსტიტუციის დარღვევის გამო" საპასუხო ზომებით დაემუქრა.
დღეს „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.
ამავე თემაზე: რა შემთხვევაში ჩაითვლება საქართველოს პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად.