Accentnews.ge
NGO–ები – "ქართულ ოცნებას": შეწყვიტეთ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის სახით ევროინტეგრაციის პროცესის დაზიანება

NGO–ები – "ქართულ ოცნებას": შეწყვიტეთ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის სახით ევროინტეგრაციის პროცესის დაზიანება

04/09/2023 09:50:56 პოლიტიკა

არასამთავრობო ორგანიზაციები მმართველ გუნდს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის ინიციატივის გამო აკრიტიკებენ.

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციების შეფასებით, ეს ნაბიჯი თავდასხმაა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებაზე:

“საქართველოს პრეზიდენტმა 31 აგვისტოს ბერლინში შეხვედრით დაიწყო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერი კამპანია, ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის მეშვეობით.

ამას წინ უძღოდა მთავრობის ადმინისტრაციის განცხადება, რომლითაც პრეზიდენტს უარს ეუბნებოდნენ უკრაინაში, გერმანიაში, პოლონეთში, შვეიცარიაში, ბელგიაში, დანიაში, არაბთა საამიროებში, ისრაელში, ბულგარეთსა და ჩეხეთში ვიზიტებზე.

პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის დაწყება იმის გამო, რომ ის ევროკავშირის ლიდერებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღების საჭიროებაში არწმუნებს, პირდაპირი იერიშია ევროკავშირზე, რაც ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმაც აღნიშნეს”.

ორგანიზაციები საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლზე ამახვილებენ ყურადღებას და ახსენებენ ხელისუფლებას, რომ ის როგორც პრეზიდენტს, ისე მთავრობას ავალდებულებს, მიიღოს ყველა ზომა ევროკავშირში ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად:

“საგანგაშოა, რომ მთავრობა არათუ უგულებელყოფს საკუთარ ვალდებულებას, არამედ საქართველოს პრეზიდენტს – კონსტიტუციურ ორგანოს, ხელს უშლის ჩვენი ისტორიული არჩევანის განხორციელებაში.

სწორედ ევროინტეგრაციის შემაფერხებელი ქმედებები წარმოადგენს კონსტიტუციის დარღვევას. კიდევ ერთხელ შევახსენებთ საქართველოს მთავრობას ქართველი ხალხის ურყევ ნებას ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ და მოვუწოდებთ, შეწყვიტოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის სახით, ევროინტეგრაციის პროცესის დაზიანება”.

განცხადებას ხელს აწერენ: დემოკრატიის მცველები, პრაიდი, სასამართლოს გუშაგი, საფარი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი, უფლებები საქართველო, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

იხილეთ ასევე: კონსტიტუციის ორი მუხლის დილემა: ვინ დაარღვია მთავარი კანონი?

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S