04-09-2023 18:49:29 პოლიტიკა
"საქართველოს ერთიანობის საჭიროება არასოდეს მდგარა ასე მწვავედ და ამას პრეზიდენტმა ზურაბიშვილმაც არაერთხელ გაუსვა ხაზი", - ამის შესახებ "აქცენტს" აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა განუცხადა. .
"ქართველმა ხალხმა მკაფიოდ განაცხადა, რომ საკუთარ მომავალს ევროპასთან ხედავს და ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღწევად მკაფიო საგზაო რუკა მისცა. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და ყველა აქტორს, გაერთიანდნენ და იმუშავონ ამ მიზნის მისაღწევად, განსაკუთრებით - ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღწევად საჭირო რეფორმების განსახორციელებლად. საქართველოს ერთიანობის საჭიროება არასოდეს მდგარა ასე მწვავედ. ეს არის ის, რასაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საჯაროდ არაერთხელ გაუსვა ხაზი როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე" - განუცხადა "აქცენტს" პრეს-სპიკერმა.
შეგახსენებთ, რომ 30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს გამართავდა.
მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზოდენტს მის მიერ მოთხოვნილ ყველა ვიზიტზე უარი განუცხადეს.
პირველ სექტემბერს „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.
იხილეთ ასევე: კონსტიტუციის ორი მუხლის დილემა: ვინ დაარღვია მთავარი კანონი?