ბორელი საქართველოს 7-8 სექტემბერს ეწვევა

04-09-2023 22:10:53 ევროპა ,პოლიტიკა

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი საქართველოს 7-8 სექტემბერს ეწვევა,– იუწყება ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური.

ოფიციალური ცნობის მიხედვით, ქვეყანაში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი ამჟამინდელი უფლებამოსილებით საშუალებას მისცემს განიხილოს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესი, ასევე, გაცვალოს აზრები უფრო ფართო საგარეო პოლიტიკასა და რეგიონულ საკითხებზე.

ვიზიტის ფარგლებში უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს. ასევე, ჯოზეფ ბორელი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

ბორელი ასევე შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ასევე გამოიყენებს შესაძლებლობას, შეხვდეს პარლამენტში მყოფ ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს და გამართოს დისკუსიები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

"ვიზიტის დროს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში ყოფნის 15 წელს აღნიშნავს, რაც ასახავს ევროკავშირის ერთგულებას საქართველოს უსაფრთხოებისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ. ის მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ორგანიზებულ მისიაში ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ", - აღნიშნულია საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

ვიზიტის ფონია მმართველის გუნდის მიერ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაწყება ევროპაში ვიზიტის გამო. ამასთან, საქართველოს ევროკავშირის მხრიდან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მოლოდინშია წევრობის კანდიდატის სტატუსის კონტექსტში.

იხილეთ ასევე: კონსტიტუციის ორი მუხლის დილემა: ვინ დაარღვია მთავარი კანონი?

ახალი ამბები

სხვა სიახლეები