Accentnews.ge
მედია: ინალ არძინბა თანამდებობას ტოვებს

მედია: ინალ არძინბა თანამდებობას ტოვებს

04/09/2023 18:01:00 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, მოსკოვის "კადრი", "კრემლის რუხ კარდინალად" ცნობილი ვლადისლავ სურკოვის შეგირდი ინალ არძინბა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობასა და აფხაზეთს ტოვებს, - იუწყებიან აფხაზური მედიასაშუალებები.

"ჩვენი წყაროების ინფორმაციით, არძინბამ უკვე განუცხადა სამინიტროს კოლექტივს, რომ მინისტრის თანამდებობას ემშვიდობება და რუსეთში ბრუნდება. თავის დროზე კრემლში უკრაინის ექს-კურატორი მოსკოვში ანტიდასავლური იდეოლოგიური პროპაგანდით დაკადება და ამჯერად რუსეთ-ბელარუსის ე.წ საკავშირო სახელმწიფოს მიმართულებასაც ჩაიბარებს" - წერს აფხაზური მედია.

ამ ინფორმაციის ოფიციალური დასტური ჯერ-ჯერობით არ არსებობს.

აღსანიშნავია, რომ კრემლის ახალგაზრდა შეგირდი, რომელიც დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად 2021 წლის 17 ნოემბერს დაინიშნა, სამშობლოში ვერა და ვერ მიიღეს. ინალ არძინბამ აფხაზეთის ვერც მოსახლეობის გული მოიგო, ვერც დე ფაქტო მმართველობის. არადა, კრემლი მას აფხაზეთის მომავალ "პრეზიდენტად" განიხილავდა.

"აქცენტის" ინფორმაციით, ბოლო კვირის განმავლობაში არძინბა სოხუმს გაეცალა და აფხაზეთის რაიონებში მოაწყო ტურნე, რომლის მიზანს რუსულ-აფხაზური ურთიერთიბების ბოლოდროინდელი დაძაბვის ფონზე მოსკოვის ანექსიური პოლიტიკის ლობირება წარმოადგენდა. ტურნეს გამო არძინბამ იგნორირება გაუწია დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას მიერ მოწყობილ ამასწინანდელ თათბირსაც, რომლის ერთ-ერთ მთავარ თემას საგარეო მიმართულების ჩავარდნაც წარმოადგენდა. ამან არძინბასა და ბჟანიას გუნდს შორის ურთიერთობა საბოლოოდ დაძაბა.

ცნობისთვის: 2014-2018 წლებში ინალ არძინბა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი გახლდათ და "დსთ-ის ქვეყნებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოში" ხელმძღვანელობდა დეპარტამენტს, რომელიც უშუალოდ უკრაინას კურირებდა. მოგვიანებით დეპარტამენტში აღმოჩენილი მნიშვნელოვანი ფინანსური დარღვევების გამო არძინბას რუსეთში პატიმრობაც კი ემუქრებოდა, უკრაინამ კი ჯერ კიდევ 2015 წელს მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და საერთაშორისო ძებნაშიც გამოაცხადა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ პროექტ "ბესარაბიის" შემუშავება-რეალიზების მცდელობასთან კავშირის გამო. სწორედ უკრაინის მოთხოვნის საფუძველზე არძინბა ამასწინათ თურქეთში, აეროპორტში ჰყავდათ შეყოვნებული.

2018 წელს არძინბა დეპარტამენტს ჩამოაშორეს და გადაისროლეს მოსკოვის საპატრიარქოში, სადაც მას პატრიარქთან მოქმედი კონფესიათაშორისი ახალგაზრდული საბჭოს ხელმძღვანელობა ჩააბარეს, ხოლო 2021 წლის ნოემბერში კრემლმა იგი მოსკოვიდან მოიშორა და კონკრეტული მისიით აფხაზეთში დააბრუნა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S