Accentnews.ge
ერევანი: მზად ვართ, NATO-სთან სხვადასხვა ფორმატში გავაგრძელოთ თანამშრომლობა

ერევანი: მზად ვართ, NATO-სთან სხვადასხვა ფორმატში გავაგრძელოთ თანამშრომლობა

05/09/2023 09:43:27 კავკასია

სომხეთსა და ნატო–ს შორის პარტნიორობა რამდენიმე წელია, ვითარდება, ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ფორმატში და მზად ვართ, გავაგრძელოთ ეს პროცესი,– ამის შესახებ სომხეთის ეროვნულ ასამბლეაში ჟურნალისტებთან სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვაჰან კოსტანიანმა განაცხადა ნატო-ს გაფართოების საკითხებში ევროპული კომიტეტის თავმჯდომარის გიუნტერ ფელინგერის მოწოდების კომენტირებისას. კერძოდ, ფელინგერმა სომხეთს ალიანსში გაწევრიანებისკენ მოუწოდა და ამ წინადადებით სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს მიმართა "ტვიტერზე".

“სომხეთს ნატო–ში გაწევრიანებაზე მიწვევა არ მიუღია, თუმცა, ალიანსთან სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობს და აქვს მზაობა, გააგრძელოს ეს პროცესი. გიუნტერ ფელინგერი კი არ არის ნატო–ს წარმომადგენელი",– თქვა მინისტრის მოადგილემ.

კვირას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა La Repubblica-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მხოლოდ რუსეთზე დამოკიდებულება „სტრატეგიული შეცდომა“ იყო.

მისი თქმით, მოსკოვმა ვერ შეძლო, უზრუნველეყო სომხეთის უსაფრთხოება აზერბაიჯანის მხრიდან წამოსული აგრესიის ფონზე მთიანი ყარაბაღის რეგიონში.

სომხეთის პრემიერის თქმით, რუსეთმა, რომელსაც სომხეთთან აქვს გაფორმებული თავდაცვის პაქტი და თან სომხეთის ტერიტორიაზე განთავსებული აქვს სამხედრო ბაზა, სომხეთი საკმარისად პრორუსულად ვერ მიიჩნია და „რეგიონის დატოვება“ გადაწყვიტა.

“ვხედავთ რომ რუსეთი თავად გადის რეგიონიდან, იმ ნაბიჯებიდან გამომდინარე, რასაც დგამს ან არ დგამს. ლაჩინის კორიდორი, რომელიც რუსი სამშვიდოებოების კონტროლქვეშ უნდა იყოს, არ იმყოფება მათ კონტროლქვეშ. მიზეზი ორია: ან რუსეთს არ შეუძლია, ან არ სურს ლაჩინის კორიდორის კონტროლის შენარჩუნება”, – განაცხადა ფაშინიანმა La Repubblica-სთან ინტერვიუში.

ამასთან, როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, ოფიციალური ერევანი ცდილობს, უსაფრთხოების წყაროების დივერსიფიცირებას, რაც ევროკავშირთან და აშშ-სთან დაახლოებაში, ასევე რეგიონში სხვა ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებაში გამოიხატება.

მოგვიანებით მოსკოვმა საკუთარი პროპაგანდისტული მედიარესურსების საშუალებით გამოთქვა უკმაყოფილება ფაშინიანის განცხადებების გამო. ხოლო 5 სექტემბერს კრემლის პრეს–სპიკერმა თემის კომენტირებისას თქვა, რომ „რუსეთი ამ რეგიონის [სამხრეთ კავკასიის – რედ.] აბსოლუტურად განუყოფელი ნაწილია, ამიტომ ვერსად წავა. რუსეთს არ შეუძლია სომხეთის დატოვება".

პესკოვმა მოუწოდა, არავის დაავიწყდეს, რომ „რუსეთში უფრო მეტი სომეხი ცხოვრობს, ვიდრე თავად სომხეთში“, რომელთა უმეტესობა რუსეთის ფედერაციის "პატრიოტი მოქალაქეა და ღირსეული წვლილი შეაქვს ქვეყნის განვითარებაში".

კრემლის პრესმდივანი ამტკიცებს, რომ რუსეთი „აგრძელებს თანმიმდევრული, ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულებას ამ რეგიონში სიტუაციის სტაბილიზაციასა და კონფლიქტის განმუხტვაში“ და გააგრძელებს ამ როლის შესრულებას.

პესკოვმა მნიშვნელოვნად მიიჩნია, რომ რეგიონის ყველა სახელმწიფო დარჩეს 2020 წლის სამმხრივი შეთანხმებების ერთგული. თუმცა, სიტყვაც არ უთქვამს იმაზე, რომ სამმხრივი განცხადების მიხედვით, ლაჩინის დერეფანი რუსი სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ უნდა იყოს, ამასობაში კი აზერბაიჯანი 9 თვეა დერეფანს ბლოკავს. ამის ნაცვლად, პესკოვმა აღნიშნა, რომ სიტუაცია შეიცვალა.

„ამ შეთანხმებების დაცვა არის წარმატების გასაღები. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ მოხდა ახალი მოვლენები, რამაც ოდნავ შეცვალა სიტუაცია. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი აპირებს როგორმე შეზღუდოს თავისი საქმიანობა. რუსეთი აგრძელებს უსაფრთხოების გარანტიის როლის შესრულებას“, - ხაზგასმით აღნიშნა კრემლის წარმომადგენელმა.

პესკოვმა ასევე მოუწოდა, არ დაივიწყოს რუსეთის წვლილი ინტეგრაციის პროცესებში, რომელშიც ერევანიც მონაწილეობს, რომლის წყალობითაც „სომხეთი გახდა ჩემპიონი დსთ-ში განვითარების ტემპებით“.

იხილეთ ასევე: "РИА Новости": მოსკოვს მიაჩნია, რომ სომხეთი დასავლეთის იარაღად იქცა რუსეთის სამხრეთ კავკასიიდან გამოდევნაში

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S