ბორელის პოზიცია ევრორეკომენდაციებზე, ჩინეთზე, იმპიჩმენტსა და რუსეთ–საქართველოს შორის პირდაპირ ფრენებზე
07/09/2023 12:24:26 პოლიტიკა
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა საქართველოში ვიზიტამდე გამოცემა civil.ge-სთან ინტერვიუში, მათ შორის ევრორეკომენდაციებზე, ჩინეთზე, იმპიჩმენტსა და რუსეთ–საქართველოს შორის პირდაპირ ფრენებზე ისაუბრა.
როგორც ბორელი აცხადებს, მისი ვიზიის მიზანია, კიდევ ერთხელ დაადასტუროს ევროკავშირის ერთგულება, მხარი დაუჭიროს საქართველოს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
12 ევრორეკომენდაცია
როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, ბლოკში ხედავენ, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მტკიცედ უჭერს მხარს ევროინტეგრაციას.
"საქართველოს მოქალაქეები მტკიცედ ერთგულებენ ევროკავშირის ღირებულებებს, ეს მუდმივად ასე იყო წლების განმავლობაში“, – დასძინა მან.
მისი თქმით, შემოდგომაზე ევროკომისია გამოაქვეყნებს ყოვლისმომცველ ანგარიშს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მყოფი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის. მან განმარტა, რომ ეს იქნება ობიექტური შეფასება, რომელიც აჩვენებს, რა გაკეთდა საქართველოსთან დაკავშირებით რეფორმების კუთხით და მომავალი წლისთვის რეკომენდაციებს გასცემს.
"საქართველოს მომავლისთვის ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამდე ცოტა დრო რჩება, ამიტომ ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა. შედეგი მთლიანად საქართველოს დამსახურებაზეა დამოკიდებული“, - აცხადებს ბორელი.
მასთან ის იმეორებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სიტყვებს, რომ ევროკავირში გაწევრიანება აღარაა ოცნება, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ "ქვეყანა ბლოკის წევრი გახდება მაშინ, როცა ის დააკმაყოფილებს აუცილებელ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიტერიუმებს".
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურა
ბორელი გამოეხმაურა იმპიჩმენტის პროცედურას, რომელიც მთავრობის თანხმობის გარეშე პრეზიდენტ ზურაბიშვილის ევროპულ ტურნეს მოჰყვა და აღნიშნა, რომ აფასებს საქართველოს პრეზიდენტის ერთგულებას ევროპული ღირებულებებისადმი.
„ერთიანობა ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. საქართველოს მიერ გაწეული სამუშაო შეიძლება იყოს მდგრადი მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ რეფორმების დღის წესრიგის უკან ყველა პოლიტიკური ძალა დგას“, - აცხადებს ბორელი.
რუსეთ–საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები
ბორელი მიიჩნევს, რომ რუსეთ–საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საერთაშორისო მცდელობებს, მოაქციონ რუსეთი იზოლაციაში უკრაინაში მისი სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო.
„ჩვენ ძალიან ვწუხვართ მთავრობის გადაწყვეტილების გამო დაუშვას რუსეთთან ფრენების განახლება და სანქცირებული პირების საქართველოს ტერიტორიაზე შესვლა“, - ამბობს ბორელი.
ჩინეთ –საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა
ბორელის თქმით, "საგარეო პარტნიორებთან ღრმა ურთიერთობების დამყარება ქვეყნის პრეროგატივაა", თუმცა ელის, რომ "საქართველო უზრუნველყოფს მისი სტრატეგიული თანამშრომლობის ყველა ასპექტის შესაბამისობას ევროკავშირის წესებთან":
"ჩვენ ველით, რომ, როგორც ევროკავშირის წევრობის მსურველი ქვეყანა საქართველო უზრუნველყოფს მისი სტრატეგიული თანამშრომლობის ყველა ასპექტის შესაბამისობას ევროკავშირის წესებთან და პოლიტიკასთან და მის ვალდებულებებთან ევროკავშირის გზაზე. მოსალოდნელია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყნები ეტაპობრივად შეათანხმებენ თავის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას ევროკავშირთან“,- ამბობს ბორელი.
- ამავე თემაზე: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის და საქართველოს ერთობლივი განცხადება სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ - რას ითვალისწინებს დოკუმენტი.
- რას გვთავაზობს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საქართველოს დღეს ეწვევა.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი ამჟამინდელი უფლებამოსილებით საშუალებას მისცემს განიხილოს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესი, ასევე, გაცვალოს აზრები უფრო ფართო საგარეო პოლიტიკასა და რეგიონულ საკითხებზე.
ვიზიტის ფარგლებში ჟოზეფ ბორელი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს შეხვდება. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ინფორმაციის თანახმად, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი, ასევე გამოიყენებს შესაძლებლობას, შეხვდეს პარლამენტში მყოფ, ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს და გამართოს დისკუსიები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.


