
ხანგოშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით რუსეთი გერმანიას საპასუხო ზომებით ემუქრება
04/12/2019 13:00:07 სხვა, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, სამართალი
საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით რუსეთი გერმანიას საპასუხო ზომებით ემუქრება.
„გერმანული მხარის მიერ რუსეთის საელჩოს თანამშრომლების ქვეყნიდან გაძევების ფაქტს უსაფუძვლო და არამეგობრულ ნაბიჯად განვიხილავთ. გამოძიებასთან დაკავშირებით პოლიტიზებული მიდგომა მიუღებელია. იძულებული ვართ, მივიღოთ საპასუხო კომპლექსური ზომები“, – აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
გერმანიამ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა. მათ გერმანიის დატოვებისთვის 7–დღიანი ვადა მიეცათ, – იუწყება რუსული „კომერსანტი“.
მისივე ცნობით, ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმასთან დაკავშირებით, რომ გერმანულ მხარეს ბერლინში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ეჭვი რუსეთზე აქვს. გამოძიების მონაცემებზე დაყრდნობით, „შპიგელი“ წერს, რომ „არსებობს საკმარისი ფაქტობრივი მტკიცებულებები იმისა, რომ მკვლელობა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ორგანოების დაკვეთით განხორციელდა“.
"შპიგელის" მონაცემებით, ორი დიპლომატი, რომლებსაც გერმანიიდან აძევებენ, რუსეთის დაზვერვის თანამშრომლებია.
გერმანული გამოცემების ცნობით, დილით ქვეყნის საგარეო სამქეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი სერგეი ნეჩაევი დაიბარეს და შესაბამისი ნოტა გადასცეს. გაძევების უმთავრეს მიზეზად დასახლდა ის, რომ საქმის გამოძიების ფარგლებში რუსული მხარე გერმანულ მხარესთან არ თანამშრომლობს. ელჩს გადაეცა დაჟინებული რეკომენდაცია, რომ მოსკოვმა ამ საქმესთან დაკავშირებით ბერლინთან ითანამშრომლოს.
Reuters გუშინ წყაროზე დაყდნობით წერდა, რომ გერმანიის ფედერალური პროკურორები მიიჩნევენ, რომ ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილი მკვლელობაში რუსული დაზვერვა იყო ჩართული.
2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრში საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. მკვლელობის ფაქტზე ჟურნალისტთა საერთაშორისო ჯგუფმა Bellingcat, გერმანულმა გამოცემა Der Spiegel-მა და რუსულმა The Insider-მა ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარეს და ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთის სპეცსამსახურების კვალზე მიუთითეს.