13-09-2023 19:13:41
საქართველოში აშშ–ის საელჩოს განცხადებით, შეერთებულ შტატებს არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა საქართველოში.
"აშშ-საქართველოს თავდაცვითი ურთიერთობა ეფუძნებოდა და კვლავაც ეფუძნება თავსებადობის გაძლიერებას და საქართველოს მხარდაჭერას შემდგომი აგრესიის შეკავებისა და მისი სუვერენული ტერიტორიის დასაცავად, რაც საქართველოს უკეთ ამზადებს ნატოში გაწევრიანებისთვის. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის განსამარტად, შეერთებულ შტატებს არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა საქართველოში", – ნათქვამია დიპლომატიური უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ტელეკომპანია "მთავარი არხის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2 წლის წინ საქართველომ ქვეყანაში სამხედრო ბაზის აშენებაზე აშშ-ს უარი განუცხადა.
დღესვე საკითხს გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და ტელეარხის მიერ გავრცელებულ ცნობას "სრული სიცრუე" უწოდა.