კალაშნიკოვი: ფარცხალაძე რუსეთთან ფრენების აღდგენის პროცესში იყო ჩართული
15/09/2023 13:42:38 პოლიტიკა
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვი სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას "ფორმულასთან" ეხმაურება.
"რამდენადაც ვიცი, ფარცხალაძე არასდროს ყოფილა „ეფ-ეს-ბე"-ს აგენტი. რაც შეეხება რუსული გავლენის აგენტს, ამერიკამ დაიწყო აქტიურად მუშაობა, რომ სხვა ჩინოვნიკებს აცნობოს, რაც შეიძლება ნაკლებად იმეგობრონ რუსეთთან. ეს პრევენციული და დაშინების აქტია სხვების გასაგონად. ფარცხალაძეს ვიცნობ, ის აქტიურად მუშაობს ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და სხვა კავშირებზე რუსეთთან. მე ის პირადად დავპატიჟე ჩემს ღონისძიებაზე, როდესაც ვცდილობდით რუსეთთან პირდაპირი ფრენების გახსნას და სავიზო რეჟიმის გაუქმებას. ის აქტიურად იყო ჩართული სხვა ქართველებთან ერთად ამ პროცესში.
რა იპოვეს ამერიკელებმა დამატებით, ეს არ ვიცი და არც მაინტერესებს. მას ორჯერ შევხვდი პირადად. ჩემთვის ფარცხალაძე მოქმედებს საქართველოს ინტერესებში, ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ. რა აქვთ ამის გარდა ამერიკის სპეცსამსახურებს, არ ვიცი და არც მინდა ვიცოდე. ამ სანქცირებულთა სიაში 1800 კაცია შესული და მათ უმრავლესობას არანაირი კავშირი რუსეთის სპეცსამსახურებთან არ აქვთ. ამიტომ, ამერიკამ ეს აქტი მიიღო სხვების დასაშინებლად", - თქვა კალაშნიკოვმა. (თარგმანი არხს ეკუთვნის).
ცნობისთვის: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა.
საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში მოხსენიებულია, როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი. ამავე ტერმინის იყენებს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თავის განცხადებაში. „სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე ასახელებს რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ერთ ოფიცერს და ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს, რომლებიც „ეფ-ეს-ბე"-მ გამოიყენა, რათა ზემოქმედება მოეხდინათ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ", - აცხადებს ენტონი ბლინკენი.
იხილეთ ასევე: რა მასშტაბის პრობლემებს ავლენს ყოფილი მთავარი ბრალმდებლის დასანქცირება


