
ფარცხალაძე ირწმუნება, რომ მის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს
15/09/2023 17:32:38 სამართალი
საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, აშშ–ის მიერ ქართველ–რუს ოლიგარქად მოხსენიებული ოთარ ფარცხალაძე "რუსთავი 2"–თან მის წინააღმდეგ დაწესებულ ამერიკულ სანქციებს გამოეხმაურა. იგი ირწმუნება, რომ ხელისუფლებასთან კავშირი აღარ აქვს, ხოლო მის წინააღმდეგ მიღებული ზომები "კონკრეტული ადამიანების ინსპირირებულია".
"ქათულმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ უკვე 10 წელია, არათუ საჯარო სამსახურში თანამდებობას არ ვიკავებ, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტებთან არანაირი კავშირი არ მაქვს! მიუხედავად ამისა, ნაციონალურ მოძრაობასა და მის პროპაგანდისტულ მედიას ჩემს წინააღდეგ ტალახის სროლა და მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობები მთელი ამ დროის განმავლობაში ერთი წამითაც არ შეუწყვიტავს. შეგახსენებთ, რომ სწორედ ცილისწამებისა და ჩემს მიმართ ტყუილების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში სამჯერ მაქვს მოგებული სასამართლო. მიუხედავად ამისა, ამ ადამიანებს ერთი წამით არ უთქვამთ უარი ჩემს წინააღმდეგ აგორებული ბინძური კამპანიის შეწყვეტაზე, თანაც ეს იმ ფონზე, როდესაც არც ერთი ფაქტი არ წარმოუდგენიათ იმ მოგონილი ბრალდებების დასადასტურებლად, რომელსაც ავრცელებდნენ. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ჩემს წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კონკრეტული ადამიანების ინსპირირებულია და ამ ათწლიანი დისკრედიტაციის კამპანიის დაგვირგვინებაა. მეორეს მხრივ, ადგილობრივ დონეზე კონკრეტული პოლიტიკური ინტერესების მქონე სუბიექტების რეაქციებმა დამარწმუნა, რომ აქტიურად ცდილობენ ჩემი სახელის სახელმწიფო ინსტიტუტებთან ან ხელისუფლებასთან დაკავშირებას, რასაც, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვაცხადებ, არანაირი საფუძველი არ აქვს, ხოლო რას ემსახურება აღნიშნული მცდელობები, დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება ყველაზე უკეთ ხვდება",– აცხადებს ფარცხალაძე, ამტკიცებს, რომ მის წინააღმდეგ მტკიცებულებები "ბუნებაში არ არსებობს" და ირწმუნება, რომ ბრალდებების გასაბათილებლად იურიდიულ ბერკეტებს გამოიყენებს:
"ყველამ ვინც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება წაიკითხა, ნათლად დაინახა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ ვარაუდებზე დაყრდნობით არის მიღებული, რასაც გამოქვეყნებული ტექსტით, მისივე ავტორები ადასტურებენ:
• „FSB ოფიცერი ონიშჩენკო, სავარაუდოდ, დაეხმარა თავის თანამოაზრე ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და შესაძლოა რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში.“
• „გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადი სარგებელი მიიღო FSBსთან კავშირის შედეგად.“
ამაში დასარწმუნებლად, ტექსტიდან სიტყვა-სიტყვით ციტირებული მხოლოდ ეს ორი ამონარიდიც კმარა! სწორედ ამიტომ, ბუნებრივია, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტისგან, ისე ჩემ წინააღმდეგ ორკესტრირებული კამპანიის ავტორებისა და მასში ჩართული ადამიანებისგან, თუნდაც ერთ ფაქტს, ერთ მტკიცებულებას მოვითხოვ, რომელიც განცხადებაში წარმოდგენილ ცრუ ბრალდებებს მინიმალურად მაინც გაამყარებს, თუმცა, შემიძლია საზოგადოება დავარწმუნო, რომ ასეთი რამ ბუნებაში საერთოდ არ არსებობს! რა თქმა უნდა, ჩემ ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და იურიდიულ შესაძლებლობას გამოვიყენებ, რათა დავამტკიცო, რომ ჩემს წინააღმდეგ უსამართლო სანქციების დაწესების გადაწყვეტილება, არა ფაქტებზე, არამედ კონკრეტული ინტერესების მქონე სუბიექტების ცილისმწამებლურ კამპანიაზეა დაფუძნებული".
ცნობისთვის: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა. საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში მოხსენიებულია, როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი. ამავე ტერმინს იყენებს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თავის შემდოგმ განცხადებაში. „სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე ასახელებს რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ერთ ოფიცერს და ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს, რომლებიც „ეფ-ეს-ბე"-მ გამოიყენა, რათა ზემოქმედება მოეხდინათ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ", - აცხადებს ენტონი ბლინკენი.
იხილეთ ასევე: რა მასშტაბის პრობლემებს ავლენს ყოფილი მთავარი ბრალმდებლის დასანქცირება