კობახიძე – ფარცხალაძეზე: ვხედავთ, მტკიცებულებები არ არსებობს, შესაბამისად, ჩვენთვის რთულია რეაგირება
18/09/2023 18:00:48 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მტკიცებულებების გამოქვეყნების გარეშე, ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით რეაგირება რთული იქნება.
"ასეთ დროს, რა თქმა უნდა, საჭიროა მტკიცებულებების გამოქვეყნება, ეს იქნებოდა სწორი დამოკიდებულება ჩვენი სახელმწიფოს და ქართული საზოგადოების მიმართ, როცა მტკიცებულებები არ ქვეყნდება, ეს რა თქმა უნდა, არის შემაშფოთებელი", - თქვა კობახიძემ.
მან გაიხსენა მოსამართლეების სანქცირების თემა და თქვა, რომ ახლაც მსგავს შემთხვვასთან გვაქვს საქმე:
„ვხედავთ, რომ ამ შემთხვევაშიც მტკიცებულებები არ არსებობს. შესაბამისად, ჩვენთვის რთულია ამ თემასთან დაკავშირებით რეაგირება. როდესაც ასეთი მძიმე ბრალდებები ჟღერდება, საუბარია „ეფესბეს“ აგენტობაზე, საუბარია, რომ ეს ადამიანი ქართულ საზოგადოებაზე ახდენს ჭარბ გავლენას, როდესაც ასეთი ბრალდებები ჟღერდება, ამას უნდა მოჰყვეს წესით მტკიცებულებები. თქვენ გახსოვთ, მოსამართლეების სავიზო შეზღუდვების დაწესების დროს არავითარი მტკიცებულება არ გამოქვეყნებულა, აქაც იგივე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენ გვირთულებს რეაგირებას“.
ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის განცხადებასაც გამოეხმაურა, „დიდი უბედურებაა, როცა ქვეყანაში გენერალური პროკურორი „ეფესბეს“ თუ „კაგებეს“ აგენტი ყოფილა“ და მოუწოდა, „საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნები გაისიგრძეგანოს“.
„არ შეიძლება მტკიცებულებების გარეშე ასეთ თემებზე საუბარი და პირველ რიგში საქართველოს პრეზიდენტს მოეთხოვება მტკიცებულებები გარეშე არ ისაუბროს საქართველოს მოქალაქეზე. მით უმეტეს, როცა საქმე ეხება დანაშაულის დაბრალებას. ეს საქართველოს პრეზიდენტის პასუხისმგებლობაა. შეიძლება ის არ იყოს იურისტი, მაგრამ კონსტიტუციის ელემენტარულ დონეზე ცოდნა მოქალაქეობის კანდიდატებსაც კი მოეთხოვებათ, არა თუ საქართველოს პრეზიდენტს. მე ვურჩევდი ყველას, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტს, უფრო მეტად გაისიგრძეგანონ კონსტიტუციის მოთხოვნები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ოთარ ფარცხალაძეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები 2023 წლის 14 სექტემბერს დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტი ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს და საუბრობს მის კავშირებზე რუსეთის სპეცსამსახურებთან და რუსული ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებაზე.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ქართულბა ბანკებმა ყოფილ მთავარ პროკურორს ანგარიშები გაუყინა სანქციების გამო.
სუსმა 15 სექტემბერს განაცხადა, რომ დაიწყო მოკვლევა ფარცხალაძის ირგვლივ, თუმცა გამოძიების დაწყების თაობაზე ამ დრომდე არაფერია ცნობილი.
იხილეთ ასევე: რა მასშტაბის პრობლემებს ავლენს ყოფილი მთავარი ბრალმდებლის დასანქცირება


