"აკონტროლებენ სტრატეგიულ ობიექტებს" – ხაბეიშვილი ფარცხალაძის "კლანის" წევრებს ამხელს
19/09/2023 08:27:56 პოლიტიკა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა 19 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე ФСБ-ს გავლენებსა და საქართველოს აშშ–ის მიერ სანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორის "კლანის" წევრებზე ისაუბრა, რომელთა მეშვეობითაც, მისი თქმით, იმართება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, საბაჟო დეპარტამენტი, ფინანსურ პოლიცია, სტრატეგიული ობიექტები – ბათუმისა და ფოთის პორტები.
- კერძოდ, ხაბეიშვილის თქმით, ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურს და საბაჟო დეპარტამენტს აშშ–ის მიერ ФСБ-სთან კავშირში მხილებული ფარცხალაძე "აკონტროლებს" ვლადიმერ ხუნდაძის მეშვეობით, რომელიც ამავე სამსახურის უფროსის მოადგილეა, თუმცა, "ფაქტობრივად, განაგებს აბსოლუტურად ყველაფერს ამ უწყებაში". კერძოდ, ხაბეიშვილის მტკიცებით, ფინანსთა სამინისტროში ის უზრუნველყოფს სანქცირებული ტვირთების გადაადგილებას შეუფერხებლად და უშუალოდ აკონტროლებს საბაჟოს.
- ხაბეიშვილისვე ცნობით, ამ პირის "უშუალო გავლენის ქვეშ იმყოფება" ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი სოსო რამიშვილი, რომელიც "პარალელურად მუშაობდა სუს-ში, რკინიგზაში და არის უჩა მამაცაშვილის [ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი] ახლო გარემოცვა".
- "ყველამ უნდა იცოდეს, რომ გარდა იმისა, რომ ფარცხალაძე დადასტურებული ჯაშუშია, ასევე ამ ჯაშუშურ საქმიანობაში ცხადია მონაწილეობს ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და ჩვენი ინფორმაციით, უჩა მამაცაშვილის დახმარებით მიიღო, სწორედ, ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქეობა და აგენტურულ ქსელში, სწორედ უჩა მამაცაშვილის მეცადინეობით მოხვდა ბიძინა ივანიშვილთან ერთად და მისი მთავარი მოკავშირე ამ საქმიანობაში არის უჩა მამაცაშვილი.
- ФСБ-ს აგენტი ოთარ ფარცხალაძე და გრიგოლ ლილუაშვილი აკონტროლებენ სტრატეგიულ ობიექტებს ქვეყანაში – მათი ლობირებით დაინიშნა ბათუმის ნავთობტერმინალში საეჭვო წარსულის და რუსულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებული პირი, ვინმე გივი ქუთათელაძე, პორტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად.
- ФСБ-ს აგენტი ოთარ ფარცხალაძის და გრიგოლ ლილუაშვილის უშუალო ლობირებით გაუშვეს ბათუმის ნავთობტერმინალიდან სახელმწიფო დაცვის სამსახური და დღეს პორტს „იცავს“ შევარდნაძის პოლიციის დროინდელი მაღალჩინოსნის სოსო ალავიძის კომპანია. ესეც, სავარაუდოდ, უშუალოდ ФСБ-ს პირდაპირი მოთხოვნა იყო.
- ფოთის პორტს და ნავთობტერმინალს, ასევე, აკონტროლებს ФСБ-ს აგენტი ოთარ ფარცხალაძე და მისი აღმასრულებელი „ხელი“, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი, კომპანია „პეტროკასით",– ამბობს ხაბეიშვილი და დასძენს, რომ "ეს არასრული სქემაა და "მოკვლევა გაგრძელდება".
იხილეთ ასევე: რა მასშტაბის პრობლემებს ავლენს ყოფილი მთავარი ბრალმდებლის დასანქცირება


