20-09-2023 12:31:58 პოლიტიკა ,ეკონომიკა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მტკიცებით, ეროვნული ბანკისთვის “მნიშვნელობა არ აქვს სანქცირებული მოქალაქის სახელს და გვარს”.
თურნავა აცხადებს, რომ "როდესაც სანქცია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ეხება, სანქციის აღსრულების პროცესში ზედმიწევნით იყოს დაცული კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნდამენტური უფლებები".
„ეროვნული ბანკის მიერ გუშინ მიღებული ცვლილება ეხება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, არ ეხება რომელიმე კონკრეტულ პირს, იმიტომ რომ ინტერპრეტაციები გაჩნდა. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს სანქცირებული მოქალაქის სახელს და გვარს, აქედან გამომდინარე, ის, რომ ეს გადაწყვეტილება რომელიმე კონკრეტული პირის დაცვას და სანქციებიდან თავის არიდებას მიებას, ამ გადაწყვეტილების პოლიტიზების მცდელობაა. ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფოს ეროვნული ინსტიტუცია, ვასრულებთ და პატივს ვცემთ ყველა საერთაშორისო ვალდებულებას, მაგრამ ჩვენს ქმედებებში ვხელმძღვანელობთ და ამოვდივართ საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით. შესაბამისად, ჩვენი ვალდებულებაა, როდესაც სანქცია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეეხება, ამ სანქციის აღსრულების პროცესში ზედმიწევნით იყოს დაცული კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნდამენტური უფლებები და ეს აღსრულება მოხდეს კონსტიტუციასთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილების მთავარი არსი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ცვლილებები, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის სახელით გუშინ, 19 სექტემბერს გამოიცა, გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში. ცვლილებების თანახმად, "საქართველოს ეროვნული ბანკი, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციით და უდანაშაულობის პრინციპით, მიიჩნევს რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი".
ამავე თემაზე: სებ-მა გამონაკლისი ბრძანება გამოსცა, სანქცირებულ ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა აღუდგება.