თურნავა – ბანკებზე: კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება არ დაემორჩილოს რეგულატორს

20-09-2023 12:37:17 პოლიტიკა ,ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა აცხადებს, რომ "კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება არ დაემორჩილოს რეგულატორს".

მისი თქმით, კომერციული სექტორი არის საქართველოს კომერციული სექტორი და ხელმძღვანელობს ეროვნული ბანკის კანონმდებლობით.

"მინდა, განვმარტო, ბრიფინგი დავიწყე იგივე წინადადებით, იმ ინფორმაციით რომ ჩვენც ცალსახად ვასრულებთ და ვაგრძელებთ საერთაშორისო სანქციების აღსრულებას. არის ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული დებულებები, რომლებიც არ არის საერთაშორისო სანქციების ნაწილი. ასე რომ სრულ უნისონში ვართ საფინანსო სექტორთან, საქართველოს კომერციულ ბანკებთან, ისინიც და ჩვენც ვასრულებთ საერთაშორისო სანქციებს",- განაცხადა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავას თქმით, სებ-ის მიერ ამ ბრძანების მიღება კონკრეტული პირის მიმართ დაწესებული სანქციებით არ არის განპირობებული.

ცვლილებები, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის სახელით გუშინ, 19 სექტემბერს გამოიცა, გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში. ცვლილებების თანახმად, "საქართველოს ეროვნული ბანკი, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციით და უდანაშაულობის პრინციპით, მიიჩნევს რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი".

ამავე თემაზე: სებ-მა გამონაკლისი ბრძანება გამოსცა, სანქცირებულ ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა აღუდგება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები