20-09-2023 13:02:40 ანალიზი
ჯერ დაზუსტებით არავინ იცის, რა რეაგირება ექნებათ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, ინვესტორებს, აშშ–ის ხაზინას საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაზე, აღუდგინოს წვდომა სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საკუთარ ანგარიშებზე, თუმცა ეკონომისტები თანხმდებიან, რომ კონსტიტუციურმა ორგანომ საფრთხე შეუქმნა ქართულ საფინანსო სისტემას და ეკონომიკას და კიდევ უფრო გააღრმავა კითხვები ინსტიტუტის დამოუკიდებლობასთან მიმართებით. ეროვნულ ბანკთან აქციები დაანონსდა.
რა მოხდა
მას შემდეგ, რომ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, საქართველოსა და როგორც ირკვევა, რუსეთის მოქალაქე ოთარ ფარცხალაძე, რომელსაც აშშ რუს სპეცსამსახურებთან კავშირში ამხელს და ქართველ–რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, დაასანქცირა, საქართველოშიც იმუშავა საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების მექანიზმმა –18 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა.
ჯერ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და შემდეგ გუნდის სხვა წევრებმაც არაკონსტიტუციურად შეაფასეს სებ–ის გადაწყვეტილება. აქ მთავარი არგუმენტი ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობა იყო, რომელსაც, სხვათა შორის, ის კანონდარღვევით ინარჩუნებს: საქმე იმაშია, რომ კანონის თანახმად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის საფუძველი ხდება. ეს ნორმა ამოქმედდა მრავალი ადამიანის, მათ შორის, ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში, მაგრამ ამ კუთხით ფარცხალაძის „ქეისს“, როგორც ითქვა, იუსტიციის სამინისტრო ჯერ კიდევ „სწავლობს“.
19 სექტემბერს სებ-მა გამონაკლისი ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგება.
კერძოდ, ახალი ბრძანების თანახმად, სანქცირებულ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით სანქციები შედის ძალაში, თუკი მათ წინააღმდეგ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს. შესაბამისად, სანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მიმართ ტრანზაქციების შეზღუდვა ამოქმედდება მაშინ, თუკი ქართული სასამართლო მის წინააღმდეგ გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას მიიღებს.
იხილეთ ასევე: თურნავა – სახელს და გვარს არ აქვს მნიშვნელობა, სანქციების აღსრულება სასამართლოს განაჩენამდე შეჩერებული იქნება
საფრთხე ფინანსური სექტორისთვის
ეკონომისტი ეკონომისტი აკაკი ცომაია შესაძლო შედეგებს რამდენიმე პუნქტად აყალიბებს:
- სავარაუდოდ, სებ-ის ეს გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს სავალუტო ფონდთან და სხვა საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობაზეც.
- არავინ იცის, რეაქცია ექნება თუ არა აშშ-ს ხაზინას. ჩემი აზრით, ალბათ არა, მაგრამ მე არა ვარ აშშ-ს ხაზინა. მაგრამ დროულად შეწყვიტეთ ბოდვა იმის შესახებ, რომ ხვალიდან ყველა დაიწყებს ბანკებიდან ფულის გატანას. როდესაც ამას განსაკუთრებით ჟურნალისტები აჟღერებთ პირდაპირ ეთერში დამაჯერებელი ტონითა და გამომეტყველებით, შეიძლება თქვენ გამოიწვიოთ პანიკა.
ორმა მსხვილმა ქართულმა ბანკმა – „საქართველოს ბანკმა“ და TBC–მ 20 სექტემბერს განაცხადეს, რომ იცავენ და გააგრძელებენ აშშ, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვას. მოგვიანებით იგივე უთხრეს „აქცენტს“ საბანკო ასოციაციაშიც.
„ამ გადაწყვეტილებაში [ეროვნული ბანკის] არანაირი შეზღუდვა [ბანკებთან მიმართებით]არ არის – აქ უფრო მეტად არის დაზუსტება იმის, რომ ეროვნული ბანკი დამატებით შეზღუდვებს არ აწესებს გარკვეულ ქმედებებთან მიმართებაში და ამ თვალსაზრისით საბანკო სისტემა გააგრძელებს სანქციების შესრულებას. კონკრეტულ პირთან და ქმედებასთან მიმართებით ვერ გავაკეთებ კომენტარს, რადგან პერსონალური ინფორმაციის გაცემის უფლება არც კომერციულ ბანკებს აქვთ, მათ შორის ჩემთვის მოწოდების და არც მე – გაჟღერების“,– თქვა „აქცენტთან“ საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ და დასძინა, „აქამდე და ამის შემდეგაც, საბანკო სისტემა თავისი რისკების შეწონვით წყვეტს, რომელ მომხმარებელს მოემსახუროს და რომელს არა, იქნება ის სანქცირებული თუ არასანქცირებული. იცით, რომ არიან გარკვეული პირები, რომელთა მომსახურებაზეც უარს ამბობს საბანკო სისტემა ან კონკრეტული ბრენდი, რადგან მის ტრანზაქციებს შეიძლება, ახლდეს რისკები“.
ვინაიდან მსხვილი ქართული ბანკები, დეკლარირებული პოზიციის მიხედვით, განაგრძობენ სანქციების რეჟიმის დაცვას, „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე „აქცენტთან“ ამბობს, რომ „სერიოზული პანიკის საფუძველი“ მათი სანქცირების, „ამ ეტაპზე არ არსებობს“, თუმცა მისი ხედვით, „ეს რისკი და საფრთხე, სამწუხაროდ, გააჩინა ეროვნული ბანკის უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებამ, რომელიც განპირობებული იყო არა ფინანსური და ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური მოტივებით“: „ეროვნული ბანკის უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებამ საფრთხის ქვეშ დააყენა არა მხოლოდ ქართული საბანკო სექტორი, არამედ მთლიანად ქართული ეკონომიკა!
მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება უფრო სამომავლო სანქციების თავიდან არიდების ბერკეტია „ქართული ოცნებისთვის“ და ბიძინა ივანიშვილის ახლო წრისთვის“.
თუმცა, როგორც ჩანს, ბანკებმა და რეგულატორმა ერთმანეთს "ვერ გაუგეს": 20 სექტემბრის ბრიფინგზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ "კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება, არ დაემორჩილოს რეგულატორს". ამდენად, შესაძლო ზომების საკითხი სავარაუდოდ, დღის წესრიგიდან არ ჩახსნილა.