
რუსული მედია: «ბურჯანაძემ რუსეთს ზაფხულის ანტირუსული სკანდალის გამო ბოდიში მოუხადა»
06/12/2019 12:14:17 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
პარტია «ერთიანი საქართველო — დემოკრატიული მოძაობის» ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ბოდიში მოიხადა «იმ ანტირუსული პროვოკაციისთვის», რომელიც გასულ ზაფხულს საქართველოს პარლამენტში «მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის» სხდომის მსვლელობისას მოხდა, - ირწმუნება რუსული მედია.
"არ მოვერიდები, ბოდიში მოვიხადო ამ აბსოლუტურად მდაბიო ინციდენტის გამო. მაპატიეთ, რომ გაწყვეტინებთ, თუმცა ვერ დაგასრულებინებთ, სანამ ბოდიშს არ მოვიხდი, რადგან ვთვლი, რომ ეს უპირველესად ქართველი ხალხის, ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა იყო", - განაცხადა, რუსული მედიის ინფორმაციით, ბურჯანაძემ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საეთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან კონსტანტინე კოსაჩოვთან შეხვედრისას.
«თავის მხრივ, კოსაჩოვმა მას ამ სიტყვების გამო მადლობა გადაუხადა» - დასძენს რუსული მედია.
ვიზიტს მოჰყვა კომენტარები საქართველოში.
გია ვოლსკის განცხადებით, მსგავსი ვიზიტები "სეპარატისტული გამოდის".
„რუსეთთან პარალელური ურთიერთობები, გარდა იმისა, რასაც სახელმწიფო გეგმავს და ახორციელებს, სტრატეგიულ ჩარჩოში რომელიც ჯდება და რომელსაც ჩვენი პარტნიორები მხარს უჭერენ, არ არის კარგი ქვეყნისთვის. რეალიზაცია გარკვეული ამოცანების ჩამოყალიბებულია და დაკავშირებულია მთელ რიგ სხვადასხვა ასპექტთან. საერთაშორისო ურთიერთობების გარკვეული მიმართულებები თავად რუსეთთან მოლაპარაკებების ის ფორმატი, რომელიც ეკონომიკას ეხება, ასევე მნიშვნელოვანია სამომავლოდ. არ ვფიქრობ, რომ ასეთი ვიზიტები პოზიტიურია, რაღაც სეპარატისტული ვიზიტივით გამოდის, მაგრამ შენიშვნას ვერ მივცემ იმ თვალსაზრისით, რომ ეს მისი პოლიტიკური არჩევანი და მისი პოლიტიკური ნიშაა“, – განაცხადა ვოლსკიმ.
განახლება
პარტია „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ განცხადებით, ნინო ბურჯანაძეს რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან კონსტანტინე კოსაჩოვთან შეხვედრისას დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების გამო ბოდიში არ მოუხდია.
"რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩოვთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ტყვეობაში მყოფი ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხზე. საუბრის თემა იყო ასევე ორ ქვეყანას შორის ავიამომოსვლის საკითხი. სამწუხაროდ, ამ ინფორმაციის უგულვებელყოფა რამდენიმე გამოცემამ სცადა. რუსულ მედიაზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ნინო ბურჯანაძემ კოსაჩოვთან შეხვედრაზე ბოდიში მოიხადა გავრილოვის ინცინდენტთან დაკავშირებით. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ნინო ბურჯანაძეს არავისთვის ბოდიში არ მოუხდია, მით უმეტეს გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებით. "ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ყველა თავის გამოსვლაში, როგორც საქართველოში, ასევე რუსეთის ფედერაციაში ყოველთვის აცხადებდა, რომ სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში თავისი ნებით არ ჩამჯდარა და ის საქართველოს ხელისუფლებამ ჩასვა აღნიშნულ სავარძელში, სიტუაციის გამწვავებისას კი მთავრობამ სტუმრის დაცვაც ვერ უზრუნველყო. სწორედ ეს გაიმეორა ქალბნატონმა ნინომ კოსაჩოვთან შეხვედრისას - ფაქტს უწოდა სამწუხარო თუმცა მას მომხდარზე ბოდიში არ მოუხდია"- განაცხადა "ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ჯილდა მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, რომ სერგეი გავრილოვი საქართელოს პარლამენტში ვიზიტისას სპიკერის სავარძელში მოთავსდა და საზოგადოებას რუსულ ენაზე მიმართა. სწორედ ამას მოჰყვა საზოგადოებრივი მღელვარება და პოლიტიკური პროტესტი. განვიტარებულ მოვლენებს სეეწირა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი, დეპუტატმა კი, რომელიც ღონისძიებას უწევდა ორგანიზებას, საკანონმდებლო ორგანოს მანდატი დატოვა. კრემლმა განვიტარებული მოვლენები რუსოფობიად სეაფასა და საქართველოს ავიაემბარგო დაუწესა.