
ალიევი: აზერბაიჯანმა სუვერენიტეტი აღიდგინა, სომეხი მოსახლეობა მალე იხილავს ცვლილებებს უკეთესობისკენ
20/09/2023 18:12:47 კავკასია
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სიტყვით მიმართა რესპუბლიკის მოსახლეობას და განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში 24-საათიანი „ანტიტერორისტული ოპერაციის“ დროს ყველა მიზანი მიიღწა, იუწყება აზერბაიჯანული სააგენტო Report.
„დარწმუნებული ვარ, რომ ყარაბაღში მცხოვრები სომეხი მოსახლეობა მალე იხილავს ცვლილებებს უკეთესობისკენ. იმიტომ, რომ ჩვენი მიზანია – თანაცხოვრება მშვიდობის, ურთიერთგაგებისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე. ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს სომეხ ხალხთან, არ გვაქვს მტრობა“, - ციტირებს ალიევის სიტყვებს Azertag.
მან დასძინა, რომ სომხეთის ხელმძღვანელობამ გამოავლინა პოლიტიკური კომპეტენცია და ამას აფასებს.
„რთული რელიეფის პირობებში, გამაგრებული ადგილების არსებობისას, რომლებსაც მოწინააღმდეგე წლების განმავლობაში აგებდა, მაღლობებზე და ხელსაყრელ ადგილებზე მტრის პოზიციების განლაგების მიუხედავად, ჩვენმა სამხედროებმა მოკლე ვადაში ყველა მიმართულებით მნიშვნელოვან სამხედრო წარმატებას მიაღწიეს. სრულიად განადგურებულია არმიის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც სომხეთის მიერ უკანონოდ იყო განლაგებული აზერბაიჯანულ ტერიტორიებზე და დღემდე არ იქნა გაყვანილი, სომხეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების მიუხედავად. განადგურებულია და მწყობრიდან გამოყვანილია სამხედრო ტექნიკაც“, - განაცხადა ალიევმა მოსახლეობისადმი მიმართვისას.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 19 სექტემბერს გამოაცხადა, რომ დაიწყო „ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები“, რომელთა მიზნადაც დაასახელა, „ყარაბაღის ეკონომიკურ რაიონში ფართომასშტაბიანი პროვოკაციების აღკვეთა, იქ მყოფი სომხეთის შეიარაღებული ძალების განიარაღება და გაყვანა, მათი სამხედრო ინფრასტრუქტურის განეიტრალება, ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიაზე დაბრუნებული მშვიდობიანი მოსახლეობის, აღდგენით სამუშაოებში ჩართული სამოქალაქო პირების და სამხედროების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციური წყობის აღდგენა“.
20 სექტემბერს მთიანმა ყარაბაღმა ცეცხლის შეწყვეტისა და განიარაღების გადაწყვეტილება მიიღო.
იხილეთ ასევე: „აქამდე წარმოუდგენელი იყო“: სტრატეგიული პრეცედენტი რეგიონში და შესაძლო შედეგები