ფაშინიანმა სომხეთში არეულობების მოწყობაში პუტინის მეგობარი დაადანაშაულა

22-09-2023 01:32:22

სომხეთში მომხდარი არეულობების უკან წინა ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები დგანან, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

"რას ნიშნავს, "სტუდენტებისა და სპორტსმენების ორგანიზებული ჯგუფები" ერევანში არეულობების მოწყობას ცდილობენ? ერთ-ერთი მათგანი, ჩვენი მონაცემებით, სომხეთის ერთ-ერთი ყოფილი ხელმძღვანელის შვილთან დაკავშირებული პირია, სხვები - მთიანი ყარაბაღის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან. მაგრამ ვინც არ უნდა იყოს, პასუხი ხისტი იქნება! მათ სურთ, ჩვენმა ხელისუფლებამ ერევნის ქუჩებში სისხლი დაღვაროს - ესაა მათი მიზანი, მაგრამ არა: ჩვენ ვიმოქმედებთ მკაცრად, თუმცა კანონმდებლობის სრული დაცვით!" - განაცხადა ფაშინიანმა.

წინა ხელმძღვანელობის შვილებზე საუბრისას მას სახელები არ დაუკონკრეტებია, თუმცა სომხური მედია იმ ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას, რომ ექს-პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის ვაჟი ლევონი აქტიურად მონაწილეობდა 2022 წლის მაისის პროტესტის ორგანიზებაში. მაშინ აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ფაშინიანმა პარლამენტის წინაშე გამოსვლისას აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებისა და "ყარაბაღის საკითხში თამასის დაწევის" მოთხოვნის შესახებ განაცხადა.

კრემლში არ მალავენ, რომ ექს-პრეზიდენტ ქოჩარიანს რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან მრავაწლიანი მეგობრობა აკავშირებს. "მრავალი წელია, მეგობრობენ და ამაზე სომხეთში განვითარებული არანაირი პროცესები არ ასახულა" - განუცხადა ჟურნალისტებს კრემლის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

ცნობისთვის: მას შემდეგ, რაც არაღიარებულმა მთიანმა ყარაბაღმა აზერბაიჯანის წინაშე კაპიტულაცია გამოაცხადა, ერევანში საპროტესტო აქციები გრძელდება. სამთავრობო შენობების დაცვა მნიშვნელოვნადაა გაძლიერებული. აქციების მონაწილეები ყარაბაღელი სომხების უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და პრემიერ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ. თავად ფაშინიანი კი ყარაბაღში მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობას მთლიანად რუს სამშვიდობოებს აკისრებს და აცხადებს, რომ გადადგომას არ აპირებს.

იხილეთ ასევე: ომი ყარაბაღში: მოსკოვმა ერევანს ზურგი აქცია

ახალი ამბები

სხვა სიახლეები