Accentnews.ge
ევროპარლამენტარები “ოცნებას” "პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ" მოუწოდებენ: "მივიღეთ 87–კაციანი სია"

ევროპარლამენტარები “ოცნებას” "პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ" მოუწოდებენ: "მივიღეთ 87–კაციანი სია"

09/12/2019 08:17:02 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

ევროპარლამენტარები “ქართულ ოცნებას” მიმდინარე წლის ივნისში დაკავებული პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. 

ევროპარლამენტარი რამონა სტრუგარიუ:

"თქვენ ხართ ქვეყანა, რომელიც ევროპულ გზაზე მოძარაობს და ზოგიერთ ვალდებულებას მკაცრად უნდა სცეთ პატივი. შეუძლებელია, 2019 წელს გყავდეს პოლიტიკური პატიმრები მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი თავისუფალი საარჩევნო სისტემისთვის იბრძვიან”.

ევროპარლამენტარი პეტრას აუშტრევიჩუსი:

"მოვუწოდებთ ყველა პარტიას დიალოგისკენ. ჩვენ ვაფასებთ გაერთიანებული ოპოზიციის ძალისხმევას ამ მიმართულებით და მოვუწოდებთ მმართველ გუნდს ღია და პასუხისმგებლიანი იყოს ამ მოლაპარაკებებში. კრიზისი დიალოგის გზით უნდა გადაიჭრას. ასევე მოვუწოდებთ პატივი სცენ ეუთო–ს ყველა რეკომენდაციას, რომელიც არჩევნებს ეხება. ჩვენ მივიჩნევთ არჩევნებს როგორც დემოკრატიული კრიტერიუმების ნაწილს და ევროპასთან სამომავლო ურთიერთობების ფუნდამენტურ პირობად. ვისაც არ ესმის დემოკრატიული კრიტერიუმების არსი, ცდებიან. იგივე სიტუაცია ჩვენ გვქონდა მოლდოვაში და არ მინდა, საქართველო დემოკრატიულობის პირობების არშემსრულებელთა სიაში ვიხილო ამიტომ, ჩვენი გზავნილი მძლავრია და მოველით, რომ დიალოგი შედეგს მოიტანს. ასევე, მმართველ პარტიას მოვუწოდებ, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები, რომელიც მიმდინარე წელს ივნისში დააკავეს” .

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი:

„ჩვენ მივიღეთ 87 პირისგან შემდგარი სია, რომლებიც დაკავებულები არიან, ან იდევნებიან მათ შორის საზოგადოებრივი დემონსტრაციების დროს მათი ქმედებებისთვის. რა თქმა უნდა, მთავრობისთვის გონივრული იქნებოდა, არ გამოიყენოს ზედმეტი პოლიტიკური სამართლებრივი ძალა ხალხის მხრიდან მთავრობასთან უთანხმოების გამოხატვის ასაკრძალად“.

ევროპარლამენტარების განცხადებების ქართულ თარგმანს "მთავარი არხი" ავრცელებს. 

ევროპარლამენტარების განცხადებებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა და განაცხადა, "წინა ხელისუფლების პერიოდისგან განსხვავებით, სადღეისოდ პენიტენციურ სისტემაში პოლიტპატიმრები არ არიან":

„ვფიქრობ, პოლიტიკოსები, რომლებიც ეწვევიან ხოლმე საქართველოს, ყველა არის საქართველოს და ქართველი ხალხის მეგობარი და მათ აზრებს, რა თქმა უნდა, ყურადღებით ვისმენთ. უბრალოდ ერთს დავძენდი, რომ ჩვენს ქართულ პენიტენციურ სისტემაში, რა თქმა უნდა, წინა ხელისუფლების პერიოდისგან განსხვავებით, არ არიან პოლიტიკური პატიმრები. პირი, რომელიც პარლამენტს იღებს შტურმით ან მცდელობას ახორციელებს ამგვარს, რა თქმა უნდა, ვერ არის პოლიტიკური პატიმარი".

მსგავსი პოზიცია დააფიქსირა "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ:

“დაახლოებით ექვის თვის წინ ყველამ კარგად ვიხილეთ პარლამენტში შეჭრის მცდელობა. წარმოგიდგენიათ ასეთი რამ რომ მოხდეს რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში, მაგალითად, აშშ-ს კაპიტოლიუმში რომ სცადოს ვიღაცამ შეჭრა ან რაიხსტაგში, რა მოჰყვება ამას? ამ ადამიანებს, რომლებიც პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ, დღეს პოლიტპატიმრებს უწოდებენ. ყველაფერი დღესავით ნათელია".




ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S