
ბაქო მთიან ყარაბაღში საკუთარი დანაკარგების შესახებ აქვეყნებს ცნობებს
27/09/2023 11:52:28 კავკასია
მთიან ყარაბაღში ერთდღიანი სამხედრო მოქმედებების შედეგად, რომელსაც ბაქო „ანტიტერორისტულ ზომებს“ უწოდებს, 192 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა და 512 დაშავდა,– იუწყება რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო.
ერთი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიიდან სომხეთში 125 დაღუპული სომეხის ცხედარი გადმოასვენეს. ამ ადამიანების ნაწილი (ბოლო მონაცემებით, 68 ადამიანი) დაიღუპა ბენზინგასამართ სადგურზე კვირას მომხდარი აფეთქების შედეგად, სადაც თავმოყრილნი იყვნენ რეგიონის დატოვების მსურველი ადამიანები და მათთვის რიგდებოდა საწვავი.
27 სექტემბრის მონაცემებით, სომხეთში რეგიონიდან 40 000–ზე მეტი ადამიანი გადავიდა. პარალელურად, აზერბაიჯანი აცხადებს, რომ მათ საფრთხე არ ემუქრებათ და იზრუნებენ ინტეგრაციაზე, თუმცა დანაპირები როგორც ჩანს, ნდობას არ იწვევს მთიანი ყარაბაღის მკვიდრ სომხებში და რეგიონს მასობრივად ტოვებენ.
ამასთან, იუწყებიან, რომ მთიანი ყარაბაღის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი (მთავრობის მეთაური) რუბენ ვარდანიანი აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააკავა.
აზერბაიჯანმა 19 სექტემბერს გამოაცხადა "მთიან ყარაბაღში" "ანტიტერორისტული ზომების" დაწყების შესახებ, ხოლო 20 სექტემბერს – სუვერენიტეტის აღდგენა.