27-09-2023 19:14:35 სამართალი
"სასამართლოს გუშაგმა" USAID–ს სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ჩაატარა კვლევა სახელწოდებით "ყოველდღიური მართლმსაჯულება რეგიონებში". მასში ჩართული იყო 76 მოხალისე. ისინი 10 თვის განმავლობაში 1341 სასამართლო პროცესს დაესწრნენ.
სასამართლოებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით, უმეტეს შემთხვევაში პრობლემები რაც გამოიკვეთა საორგანიზაციო საკითხებს ეხება.
“დოკუმენტში ასახულია ისეთი საკითხები, რომელიც სასამართლოს ორგანიზაციულ მუშაობას, ასევე პროცედურულ სამართლიანობას ეხება, და რაც სასამართლოს გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულების ხარისხზე აისახება. მათ შორის, სასამართლოს სხდომების დაგვიანებით დაწყება, სხდომების გადადება ტექნიკური გაუმართაობის ან საორგანიზაციო საკითხების გამო, მოქალაქეებისთვის არასაკმარისად აღქმადი სასამართლო პროცესები და განაჩენები/ გადაწყვეტილებები", - აღნიშნა საქართველოს "სასამართლოს გუშაგის" დირექტორმა ნაზი ჯანეზაშვილმა.
ორგანიზაციის სამართლებრივმა ანალიტიკოსმა მეგი შამათავამ აღნიშნა, რომ „მოსამართლეთა უმეტესობა გულდასმით უსმენდა მხარეებს და განმარტავდა სამართლებრივ ტერმინოლოგიას მხარეთათვის გასაგებ ენაზე":
"იყო შემთხვევები, როდესაც პროცესის მიმდინარეობის დროს მოსამართლე არ იყო საქმესთან დაკავშირებით სათანადოდ ინფორმირებული და მომზადებული. მოსამართლეები უმეტესად იცავდნენ ეთიკის ნორმებს და კონსტრუქციულად მიმართავდნენ დარბაზში მყოფ პირებს, თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც მოსამართლეებმა მხარეების მიმართ უხეში ან აგრესიული დამოკიდებულება გამოხატეს".
„მოხალისეები სამართალწარმოების ხანგრძლივ ვადებს და განსჯადობასთან დაკავშირებულ გაურკვევლობას ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად ასახელებენ“, - დასძინა "სასამართლოს გუშაგის" სამართლებრივმა ანალიტიკოსმა ქეთი გაჩეჩილაძემ.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა, რაც ხელს უწყობს მოქალაქეების მიმართ მოსამართლეების ანგარიშვალდებულების და საზოგადოების მხრიდან სისტემისადმი ნდობის გაზრდას, ასევე – განსხვავებული შეხედულებების გათვალისწინებას.