მამუკა მდინარაძე: ხვალ რომ სხვა მოქალაქე დაასანქცირონ, ქართული სახელმწიფო უნდა შეხვდეს მზად
28/09/2023 04:32:46 პოლიტიკა
„ხვალ რომ სხვა საქართველოს მოქალაქე დაასანქცირონ, ქართული სახელმწიფო უნდა შეხვდეს მზად ამ ყველაფერს და ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად სწორი“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა.
მან კვლავ გაიმეორა, რომ ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის სანქცირებასთან დაკავშირებით აშშ-მა "მტკიცებულებები" უნდა წარადგინოს.
"ამ თემას გაატარებ, ხვალ დაასანქცირებენ ვიღაცას, კვლავ გაატარებ, ზეგ ვიღაცას და მერე თუ გაჭრის ეს სანქცირება", – განაცხადა მდინარაძემ.
გადაცემის წამყვანმა მას ჰკითხა, ფარცხალაძის შემდეგ ელის თუ არა ხელისუფლება სხვა მაღალჩინოსნის ან ყოფილი მაღალჩინოსნის დასანქცირებას, რაზეც მდინარაძემ განაცხადა, რომ "გამორიცხული არაფერია".
"მოგებული პროცესების მიუხედავად, დე ფაქტო სანქცია დაუწესეს ბიძინა ივანიშვილს და სანქციები ემუქრებაო, გვაშინებენ ყოველდღე. ეს კაცი ვერ გაიცნეს, რომ ფულით კი არა, საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის 2011 -2012 წლებში და ახლა, ასეთ კაცს რომ აშინებ 2 მილიარდი გაგიჩერეო და ვერ ხვდები, ეს ერთი მხარეა. [...] დე ფაქტო სანქციები დაადეს [ბიძინა ივანიშვილს] და ახლა ვინღა უნდა დაასანქცირონ ან რითი უნდა დაასანქცირონ ისეთით, რომ გული გაუხეთქონ ვინმეს. მაგრამ, როცა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს ეხება, ჩვენ მომთხოვნებიც ვართ მათ მიმართ, მეგობრულებიც და ამას მერე ვიღაც დაიჩემებს და რუსულად გასაღებას შეეცდება. წეღანაც ვთქვით, ამერიკული კანონი გაუსაღეს საზოგადოების ნაწილს რუსულად და შეიძლება, ესეც კი შეძლონ. მაგრამ ჩვენ, ყველა შემთხვევაში, საკუთარი სიტყვა უნდა ვთქვათ და მართლები უნდა ვიყოთ საკუთარი ქვეყნის, საკუთარი საზოგადოების წინაშე და ხვალ რომ სხვა მოქალაქე დაასანქცირონ, ქართული სახელმწიფო ამ ყველაფერს უნდა შეხვდეს მზად", – განაცხადა მდინარაძემ.
ამავე თემაზე: რა მასშტაბის პრობლემებს ავლენს ყოფილი მთავარი ბრალმდებლის დასანქცირება.


