აკობია: რუსეთს ნასწავლი აქვს გაკვეთილები უკრაინაში, ამიტომ, საქართველოში ეს პროცესი „ფარდის“ მიღმა მიდის

28-09-2023 15:44:36 პოლიტიკა ,კომენტარი

რუსეთს ნასწავლი აქვს გაკვეთილები უკრაინაში,– ამგვარი შთაბეჭდილება რჩება საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტ ეკა აკობიას ბოლო (და არა მხოლოდ) მოვლენებზე დაკვირვების შემდეგ. ამჯერად პოლიტიკური შეფასებების საფუძველი გახდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლებას მოსკოვთან ურთიერთობების ნორმალიზება სურს და რომ პირდაპირი ფრენების აღდგენა შეთანხმდა მთავრობებს შორის.

„[რუსეთს] ნასწავლი აქვს, რომ არ უნდა მოხდეს ევროპული ორიენტაციის ხელაღებით უარყოფა, როგორც ეს სცადა იანუკოვიჩმა [უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი] და ამიტომ, საქართველოში ეს პროცესი მიდის „ფარდის მიღმა“ იმისთვის, რომ გადაუწყვეტელ ელექტორატს ან ნაკლებად დაკვირვებულ მოქალაქეს არ გაუღვივონ სენტიმენტები, რომელიც გამოიწვევდა ამ გეზით უკმაყოფილებას და პროტესტს“,– ამბობს აკობია და დასძენს, რომ „ამიტომ, წვეთ–წვეთად ვეჩვევით იმ რეალობას, რომ საქართველო აქტიურად იწყებს რუსეთის ორბიტაზე ტრიალს, რაც სერიოზული პრობლემაა“.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა: „როდესაც დავინახეთ, რომ თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებულია ურთიერთობების ნორმალიზებით, შევთანხმდით ბატონი ღარიბაშვილი მთავრობასთან ფრენების განახლებაზე. საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღება და საჰაერო კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, ჩვენს ურთიერთობას ბევრად კომფორტულს ქმნის. იზრდება ავიარეისების რაოდენობა, ფართოვდება ფრენების გეოგრაფიაც, იზრდბა სავაჭრო ბრუნვა. ჩვენთან დიდი პოპულარობით სარგებლობს ბევრი ქართული ტრადიციული საექსპერტო პროდუქტი – ღვინო, ბორჯომი და მრავალი სხვა“.

თემის კომენტირებისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა თქვა, რომ ლავროვი ცდილობს, დააზიანოს საქართველოს ხელისუფლება:

„ამ საკითხზე არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა. საქართველოსა და რუსეთის მთავრობებს შორის მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, შესაბამისად, ლავროვი ცდილობს, რომ საჰაერო ტრანსპორტის ინსტიტუციების დონეზე მიღებული გადაწყვეტილებები – მაგალითად, თვითმფრინავი როგორ დაჯდეს – საქართველოს და რუსეთის მთავრობებს შორის მოლაპარაკებად გაასაღოს და ამით დააზიანოს საქართველოს მოქმედი მთავრობა, იმიტომ, რომ მან იცის, რომ მისი ყოველი პოზიტიური შეფასება საქართველოში არის ნეგატიურად აღქმული და ეს ასეა“,– თქვა დავითულიანმა.

თუმცა შემდეგ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა უთხრა ჟურნალისტებს, რომ ლავროვმა ფაქტის კონსტანტირება მოახდინა:

"ძალიან მარტივად არის საქმე, მაგას პატარა ბავშვიც მიხვდება. ჯერ ერთი, მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს იყო მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება, უვიზო რეჟიმის და ფრენების აღდგენა, ახლა, დღეს რაც თქვა ბატონმა ლავროვმა, ეს არის ფაქტის კონსტატაცია. რა თქმა უნდა, მოხდა გაფორმება ამ შეთანხმების საქართველოს მთავრობასთან, კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროს საავიაციო სააგენტო ბუნებრივია თანხმობას აძლევს შესაბამის უწყებას და კომპანიებს, ამ შეთანხმებაზეა საუბარი და რა არის ამაში გაუგებარი? რა სკანდალი ნახეთ ამაში? რა აღმოაჩინეთ?

მანამდე, თქვენ მოისმინეთ რუსეთის პირველი პირის, ქვეყნის პრეზიდენტის განცხადება, რომ ეს იყო მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება. დღეს რა განცხადებაც გაკეთდა, ეს არის ფაქტის დადასტურება, რომ შეთანხმება მოხდა მთავრობასთან. ჩვენ ეს ფარულად არ გაგვიკეთებია. მას შემდეგ, რაც რუსეთი ხელისუფლებამ თქვა, რომ ფრენებს აღადგენს, ჩვენ ამას მივესალმეთ, ვთქვით, რომ ეს კარგი ნაბიჯია, იმიტომ რომ რაც წაადგება ჩვენს ხალხს, ქვეყანას კარგია და ეს ღიად გავაკეთეთ, ფარულად არ გაგვიკეთებია“.

მისი თქმით, „არავითარი რაიმე ტიპის ფორმალური მოლაპარაკებები, მით უმეტეს მთავრობის სახელით, არ გამართულა“:

„ეს იყო რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომელიც შემდეგ ჩვენმა მთავრობამ ასე ვთქვათ დაამოწმა და მოიწონა და გააფორმა. საქართველოს მთავრობის სახელით, მე გიდასტურებთ, რომ მთავრობის სახელით, არავის ჩემი, მთავრობის სახელით არავის ფორმალური მოლაპარაკება ამ საკითხზე არ გაუმართავს, ეს იყო რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება. ეს არის ჩემი პასუხი, მე მგონი, აქ კითხვები ამოწურულია".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები