Accentnews.ge
ბადრი ჯაფარიძე: მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს, რათა ერთხელ და სამუდამოდ შევქმნათ პრეცედენტი

ბადრი ჯაფარიძე: მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს, რათა ერთხელ და სამუდამოდ შევქმნათ პრეცედენტი

29/09/2023 16:49:48 პოლიტიკა

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ეხმიანება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც წარმოებაში არ მიიღო ე.წ. ფულის გათეთრების საქმე.

მისი თქმით, გადაწყვეტილებამ წერტილი დაუსვა 5-წლიან ეპოპეას და სასამართლო განხილვებს, რაც საერთაშორისო საზოგადოებამ ცალსახად შეაფასა, როგორც პოლიტიკური დევნის მკაფიო მაგალითი.

ჯაფარიძე ამბობს, რომ აუცილებლად მიმართავს სტრასბურგს, რათა პრეცედენტი დაფიქსირდეს და მომავალში ოპონენტების წინააღმდეგ აღარ იქნეს გამოყენებული პროკურატურა და სასამართლო.

„გამოცხადდა, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად სააპელაციო საჩივარი მამუკა ხაზარაძის, ჩემი და ავთანდილ წერეთლის საქმესთან დაკავშირებით, რომელმაც წერტილი დაუსვა 5-წლიან ეპოპეას და სასამართლო განხილვებს, რაც საერთაშორისო საზოგადოებამ ცალსახად შეაფასა, როგორც პოლიტიკური დევნის მკაფიო მაგალითი.

რა თქმა უნდა, ფულის გათეთრების თემა აბსოლუტურად შეთითხნილი ბრალდება იყო და ემსახურებოდა ჩვენს გაშავებას. ჩვენი საქმიანი რეპუტაციის დანგრევას, ამის მეშვეობით ანაკლიის პროექტის შეჩერებას. ცხადია, რომ არანაირი საფუძვლის ნასახიც კი არ არსებობდა ამ ტიპის ბრალდებისთვის, მაგრამ როგორც რუსეთის ფედერაციაში არსებული პრაქტიკის საუკეთესო ტრადიციებში პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის აქაც, ჩვენს ქვეყანაშიც გამოყენებული იქნა ეს მუხლი.

საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, იძულებულები გახდნენ, რომ გავემართლებინეთ ფულის გათეთრების საქმეში და იმისათვის, რომ ზიანი მაინც მოეყენებინათ, ამისთვის მოიფიქრეს ხანდაზმული მუხლით გამტყუნება, რომელსაც არანაირი შედეგი არ მოჰყვა, გარდა იმისა, რომ გამოყენებული იქნა, ესეც მიზანდასახულად, ჩემი სადეპუტატო მანდატის შესაწყვეტად

ჩვენ მივმართავთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ შევქმნათ პრეცედენტი, რომ აღარასოდეს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ არ იქნეს გამოყენებული პროკურატურა და სასამართლო“, - წერს ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ე.წ. ფულის გათეთრების საქმე, რომელსაც გამოძიება მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და ავთანდილ წერეთელს ედავებოდა, უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო.

გასული წლის იანვარში თბილისის საქალაქო სასამართლომ „ფულის გათეთრების საქმეზე“ ბრალდებულ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს წაყენებული ბრალი თაღლითობად გადაუკვალიფიცირა და თითოეულს 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო სამივე მათგანი პატიმრობისგან გათავისუფლდა.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის "ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით ხაზარაძისთვისა და ჯაფარიძისთვის თითო-თითო მილიონი ლარის გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. ჯაფარიძე და ხაზარაძე ბრალს არ აღიარებენ და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების ქმედებების მიზანი ანაკლიის პორტის მშენებლობის ხელშეშლა იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S