წულუკიანი: მე შეიძლება, უფრო მეტსაც ვფიქრობდე პრეზიდენტზე, მაგრამ მიუღებელია, როცა უცხო ქვეყნის წარმომადგენელი ასე ახასიათებს
02/10/2023 15:03:34 პოლიტიკა
კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის ჰკითხეს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, გრიგორი კარასინის განცხადებაზე საქართველოს პრეზიდენტის მისამართით, რომ "პოლიტიკური შიზოფრენიის განკურნება რთულია".
"რაც შეეხება კარასინის განცხადებას, ღიად უნდა გითხრათ, რომ პირადად არ მომისმენია, ამიტომ იმის მიხედვით გპასუხობთ, რაც თქვენ მითხარით და იმედი მაქვს, ეს სწორად არის გადმოცემული და მან ნამდვილას ასე თქვა. თუ ეს მან ნამდვილად ასე თქვა, ჩემი პასუხი იქნებოდა შემდეგი, რომ მე შეიძლება, უფრო მეტსაც ვფიქრობდე საქართველოს პრეზიდენტზე, მაგრამ აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც უცხო ქვეყნის და სახელმწიფოს წარმომადგენელი ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს ასე ახასიათებს", - თქვა წულუკიანმა.
მანამდე წულუკიანმა გააკრიტიკა პრეზიდენტი და გაიმეორა თანაგუნდელების შეფასებები, რომ დიდი ხანია საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ინტერესების დასაცავად და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის არ მუშაობს.


