
მაია კოპალეიშვილი: პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის შინაარსი აშკარად პოლიტიკურია
03/10/2023 10:28:58 პოლიტიკა, სამართალი
პრეზიდენტთან მიმართებით მიმდინარე იმპიჩმენტის შინაარსი აშკარად პოლიტიკურია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა, მაია კოპალეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, სადაც სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა მიმდინარეობს.
მისი თქმით, მოწინააღმდეგე მხარის წარდგინება დაუსაბუთებელია და „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი სრულიად უსაფუძვლოდ დაიწყო.
„ბუნებრივია, სასამართლოს პასუხისმგებლობა ძალიან დიდია, რადგან ეს შესაძლოა, იქცეს პარლამენტის უმრავლესობის პოლიტიკური ბრძოლის იარაღად საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ, რადგან პრეზიდენტთან მიმართებით მიმდინარე იმპიჩმენტის შინაარსი არის აშკარად პოლიტიკური, არც აქვს კონსტიტუციური, სამართლებრივი გამართლება და სასამართლომ ბეწვის ხიდზე უნდა გაიაროს დასკვნის ჩამოყალიბებისას, რომ არ ასცდეს კონსტიტუციით დადგენილ წესრიგს და ღირებულებებს და თუნდაც მისდა უნებურად, არ მოექცეს პარლამენტის პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ. წარდგინების გაცნობისას ყველა ვრწმუნდებით, რომ პარლამენტის პოლიტიკური უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი წარდგინება არის დაუსაბუთებელი, ვერ პასუხობს იმპიჩმენტისთვის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს, წარდგინება ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნის საფუძვლიანობის სტანდარტს და მიუხედავად ჩემი თქვენდამი პატივისცემისა, ძვირფასო სასამართლო, უნდა მოგახსენოთ, რომ წარდგინება არ უნდა მიეღო სასამართლოს არსებითად განსახილველად", - განაცხადა კოპალეიშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე, პირველი სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
პრეზიდენტი განხილვას არ ესწრება. მას საკონსტიტუციო სასამართლოში პარტია "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი დაიცავენ.
საპარლამენტო უმრავლესობას სხდომაზე წარმოადგენს "ქართული ოცნების" ოთხი წევრი დეპუტატი: ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.
მმართველი გუნდის მიერ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1 სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს. სასამართლოს მიერ დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც საპარლამენტო უმრავლესობას არ გააჩნია.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021