
რუსულ არმიაში პრობლემებთან გასამკლავებლად სტალინური პრაქტიკა დააბრუნეს
03/10/2023 13:51:52 მსოფლიო, ეს საინტერესოა
რუსმა სამხედრო მეთაურებმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაიწყეს საკუთარი სამხედროების "შტორმ Z"-ის დაჯარიმებულთა დანაყოფებში გაერთიანება. ამ რაზმებს ყრიან ფრონტის ყველაზე რთულ მონაკვეთებში,– ამის შესახებ Reuters–ს ვითარების მცოდნე 13–მა ადამიანმა უამბო, მათ შორის არიან სამხედროებიც.
მათი თქმით, "შტორმ Z"–ის დანაყოფები 100-150 კაცისგან შედგება და რუსული არმიის რეგულარული ნაწილების ნაწილია. ამ დროისთვის ფრონტის ხაზზე შესაძლოა რამდენიმე ასეულამდე ასეთი ერთეული იყოს.
ჯარისკაცები იგზავნებიან ამგვარ დანაყოდებში სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის ალკოჰოლის, ნარკოტიკების და ბრძანებების შესრულებაზე უარის თქმის გამო. ”თუ კომენდანტები გამოიჭერენ ვინმეს ალკოჰოლის სუნით, ისინი დაუყოვნებლივ იგზავნებიან "შტორმში”, - თქვა რუსმა ჯარისკაცმა.
რუსეთის არმიაში ყველაზე მძიმე დანაკარგებს სწორედ „დაჯარიმებულები" განიცდიან. „შემტევი უბრალოდ ხორცია“, - თქვა ჯარისკაცმა 40318-ე არმიის დანყოფილებიდან (მე-4 მოტორიზებული მსროლელი ბრიგადა). მან გაიხსენა, თუ როგორ ცდილობდა ბახმუტთან მიმდინარე წლის მაისსა და ივნისში "შტორმ Z"-ის რამდენიმე დაჭრილი მებრძოლისთვის სამედიცინო დახმარება გაეწია, მაგრამ მეთაურმა მათ მიტოვება უბრძანა.
ციხიდან საომრად გადაბირებული ერთ-ერთი მებრძოლი ამბობს, რომ ივლისში მისი "შტორმ Z"–ის რაზმის 120 წევრიდან მხოლოდ 15 გადაურჩა ბახმუტთან ბრძოლებს. „დაჯარიმებულთა" შორის მყოფმა ხუთი სამხედროდან სამმა ასევე ისაუბრა ძალიან რთულ ბრძოლებზე, რის შედეგადაც რაზმის დიდი ნაწილი განადგურდა. ამავდროულად, სამმა მებრძოლმა თქვა, რომ მათ ხელფასის სახით 200 ათასი რუბლი შესთავაზეს თვეში, თუმცა ამ თანხის საშუალოდ ნახევარს უხდიდნენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შეუძლია, გამოიყენოს "შტორმ Z"–ის დანაყოფები, როგორც "სახარჯო ქვეითი", – აცხადებენ დამოუკიდებელი ორგანიზაცია Conflict Intelligence Team–ში, რომელიც თვალს ადევნებს უკრაინის ომის მიმდინარეობას.
ოფიციალურად რუსეთის თავდაცვას არ უღიარებია ასეთი დანაყოფების შექმნა, მაგრამ მათ შესახებ პირველი ცნობები გამოჩნდა მიმდინარე წლის გაზაფხულზე, როდესაც ომის შემსწავლელმა ამერიკულმა ინსტიტუტმა (ISW) გამოაქვეყნა რუსული სამხედრო მოხსენება "შტორმ Z"–ის ფორმირებაზე.
რუსეთის ისტორიაში "შტორმ Z"-ის მსგავსი ბატალიონები გამოიყენეს 1942 წელს, როდესაც წითელი არმია უკან იხევდა ნაცისტური გერმანიის თავდასხმისას. შემდეგ იოსებ სტალინმა ბრძანა დისციპლინური ბატალიონების შექმნა ჯარისკაცებისგან, რომლებმაც დატოვეს თავიანთი პოზიციები და ისინი ფრონტის ყველაზე საშიშ სექტორებში შეყარეს.
ამ სტალინური პრაქტიკის გარდა, რუსული არმია იყენებს კიდევ ერთს - ბარიერულ რაზმებს, განუცხადეს – The New York Times-ს უკრაინელმა მეთაურებმა. ამავდროულად, ბარიერული რაზმები ზოგჯერ განლაგებულია "შტორმ Z"-ის მებრძოლების წინააღმდეგაც – მათ საგრებში "ამწყვდევენ" უკრაინის შეიარაღებული ძალების ცეცხლის ქვეშ.
იხილეთ ასევე: "ჩვენებს არ ვტოვებთ"–დან "თავად ეძებეთ"–მდე: მოსკოვის დამოკიდებულება საკუთარი სამხედროების მიმართ
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021