
საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ დასკვნას ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის მოამზადებს
04/10/2023 06:32:21 პოლიტიკა, სამართალი
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის გიორგი თევდორაშვილის განცხადებით, სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ დასკვნას ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის მოამზადებს.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს საქმეზე სასამართლოს მორიგი სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
"სასამართლო დასკვნას მოამზადებს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ერთთვიან ვადაში. ბუნებრივია, ერთი თვე სარჩელის სასამართლოში შემოსვლიდან აითვალა და ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის, 14-15 ოქტომბრისთვის დასკვნა წესით მზად უნდა იყოს სასამართლოში“,- განაცხადა მოსამართლემ.
ცნობისთვის: მეორე დღეა, საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების საკონსტიტუციო წარდგინებას იხილავს.
თავად პრეზიდენტი გუშინდელ სხდომას არ ესწრებოდა. მის ინტერესებს სასამართლოში იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იცავენ.
წარდგინების ავტორების სახით სხდომას ესწრებოდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის სხვა წევრები: ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.
მმართველი გუნდის მიერ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1 სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს. სასამართლოს მიერ დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც საპარლამენტო უმრავლესობას არ გააჩნია.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021