Accentnews.ge
პუტინი ბჟანიას შეხვდა

პუტინი ბჟანიას შეხვდა

05/10/2023 07:48:39 კონფლიქტები

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს „რუსული მხარის მიერ ინიციირებულ ინტეგრაციულ პროცესებში“ მონაწილეობა სურს. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას, რომელიც 4 ოქტომბერს კრასნოდარის მხარეში, სოჭთან მდებარე საგანმანათლებლო ცენტრ „სირიუსში“ გაიმართა.

პუტინმა ბჟანიას მიულოცა "აფხაზეთის აღიარების, გამარჯვების და დამოუკიდებლობის დღეები", რომლებიც სექტემბერში აღნიშნეს. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, „სიტუაცია კარგად ვითარდება, შარშან აფხაზეთთან სავაჭრო ბრუნვამ 73% შეადგინა, 200-ზე მეტი ერთობლივი საწარმო მუშაობს და გრძელდება აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა".

კრემლის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, "ბჟანიამ პუტინს მადლობა გადაუხადა და კმაყოფილება გამოთქვა, რომ ბოლო დროს რუსეთთან ურთიერთობებს დამატებითი იმპულსი მიეცა და მიმდინარეობს ჰარმონიზაციის პროცესი, რომელიც აახლოებს პოზიციებს ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური და თავდაცვითი სივრცის შექმნის ფარგლებში. ბჟანიამ დიდი ნაბიჯი უწოდა ახლახან მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, აფხაზეთის მოქალაქეები რუსეთის მოქალაქეობას გამარტივებული წესით მიიღებენ".

„ჩვენ გვსურს მონაწილეობა ინტეგრაციულ პროცესებში, რომლებიც რუსული მხარის მიერაა ინიციირებული, რუსეთის მონაწილეობით, რადგან ეს შეესაბამება აფხაზეთის ძირეულ ინტერესებს და ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ბჟანიამ.

ასლან ბჟანია 3 ოქტომბერს სოჭში შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსაც.

რუსეთმა საქართველოს რეგიონი აფხაზეთი ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკად დანარჩენ საქართველოსთან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა. რუსეთის გარდა, აფხაზეთის „დამოუკიდებლობა" ცნეს ვენესუელამ, ნიკარაგუამ, ნაურუმ და სირიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S