
სტანო – ოჩამჩირეში რუსულ ბაზაზე: უკანონოა, რეგიონში სტაბილურობას მეტ საფრთხეს შეუქმნის
06/10/2023 14:54:14 კონფლიქტები
ევროკავშირი გამოხატავს ძლიერ შეშფოთებას რუსეთის გეგმების შესახებ გავრცელებული შეტყობინების გამო, ოკუპირებულ აფხაზეთში მისი შავი ზღვის ფლოტის მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერის პეტერ სტანოს განცხადებაში.
მისი თქმით, თუ რუსეთი გააგრძელებს ამ გეგმების განხორციელებას, „ეს კიდევ უფრო გაზრდის დაძაბულობას და რეგიონში სტაბილურობას მეტ საფრთხეს შეუქმნის“.
„რუსეთის მიერ სამხედრო ძალების ყოლა საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უკანონოა, ეს არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და რუსეთის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებასა და 2008 წლის 8 სექტემბერს ხელმოწერილ დოკუმენტს ამ შეთანხმების განმახორციელებელი ზომების შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.
სტანო ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ გამოცემა „იზვესტიისთვის" მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა ოჩამჩირეში, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ბაზის განთავსების გეგმის შესახებ.