სახდეპი: მივესალმებით ნებისმიერ კეთილსინდისიერ ჩართულობას, რომელიც სამხრეთ კავკასიის მოსახლეობას მშვიდობასა და სტაბილურობას მოუტანს
11/10/2023 07:11:55 პოლიტიკა
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტში ეხმიანებიან თბილისის მორიგ განცხადებას, საკუთარ თავზე აიღოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ფასილიტატორის როლი.
"ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ კეთილსინდისიერ ჩართულობას, რომელიც მშვიდობასა და სტაბილურობას მოუტანს სამხრეთ კავკასიის მოსახლეობას, მიუხედავად იმისა, თუ სად იმართება ეს მოლაპარაკებები ან ვინ მასპინძლობს", – განუცხადა "აქცენტს" აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა.
შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს საქართველოს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სტუმრობდა. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოთქვა იმედი, რომ სამშვიდობო შეთანხმება მიიღწევა და მისი გაფორმება საქართველოში შედგება. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ამ წინადადებისადმი მიმღებლობა დააფიქსირა.
რაც შეეხება სომხეთის ოფიციალურ პოზიციას, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ბაქოსთან მოლაპარაკებების საქართველოში გამართვის შესახებ აზერბაიჯანის ლიდერ ილჰამ ალიევის ინიციატივას გამოეხმაურა და ეს წინადადება უკუაგდო. შესაბამისი განცხადება მან დღეს გააკეთა.


