
სტრატეგია “ტრიო +” – „ევროკავშირმა ღია კარის პოლიტიკა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მოწინავე ქვეყნებისთვის გააქტიუროს"
10/12/2019 19:42:20 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ თბილისში გამართულ რიგით მე-8 სესიაზე მიიღო რეზოლუცია“ტრიო პლუს სტრატეგია 2030 – „აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამომავლო განვითარების“ თაობაზე.
რეზოლუციის თანახმად, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა ითხოვს, დაიწყოს განხილვა “აღმოსავლეთ პარტნიორობის” მომავალი 10 წლის სტრატეგიული დღის წესრიგის, რომელიც დაეფუძნება დიფერენცირებულ მიდგომებს სამეზობლო პროგრამის წევრი სახელმწიფოებისადმი და ინიციატივას “ტრიო პლუს სტრატეგია 2030”.
„ასამბლეის რჩევაა „ტრიო პლუს სტრატეგია 2030”-ის ფარგლებში განვითარდეს ევროპული ტრიოს პროცესი უფრო ღრმა ინტეგრაციის ინსტრუმენტებით, როგორც ეს გაკეთდა 2014 წელს „ბერლინის პროცესის“ ინიცირებით დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ინტეგრაციის ხელშესაწყობად. უფრო მეტიც, ასამბლეის შეთავაზებაა, ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკა აქტიური გახდეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს“, – ნათქვამია რეზოლუციაში.
ამასთან, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა მიუთითებს, რომ დემოკრატიული განვითარების, რეფორმებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის შეფერხება „ტრიოს“ წევრ სახელმწიფოებში აღნიშნული სტრატეგიის განვითარებას საფრთხის ქვეშ დააყენებს.
"იმედი გვაქვს, “ტრიო + სტრატეგია 2030 წლისთვის” იქცევა ოფიციალური პოლიტიკად და დადასტურდება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, რომელიც მომავალი წლის ივნისში ან ივლისში გაიმართება”, – განაცხადა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ ადრიუს კუბილიუსმა.