
ბიბილოვი "ღარიბაშვილის რეჟიმს" აქებს და ამავდროულად საქართველოს ემუქრება
11/10/2023 18:20:13 კონფლიქტები
"საქართველო დღეს შედარებით პრაგმატულ პოლიტიკას აწარმოებს" - ამბობს ცხინვალის რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის ყოფილი დე ფაქტო ლიდერი ანატოლი ბიბილოვი და ამისთვის მოსკოვისა და სოხუმის რეჟიმების კვალდაკვალ "ქართულ ოცნებას" აქებს.
საქართველოს შესახებ განცხადებები მან რუსულ გამოცემა Lenta.ru-სთან ინტერვიუში ამასწინათ ჩამოყალიბებული რუსული გასამხედროებული გაერთიანების - "მოხალისეთა შემტევი კორპუსის" მეთაურის სტატუსით გააკეთა.
"საქართველოს ხელისუფლებამ ყველას მკაფიოდ მიგვანიშნა, რომ რუსეთს მეგობრულ სახელმწიფოდ არ მიიჩნევს, მაგრამ განიხილავს, ასე ვთქვათ, პარტნიორად. ამავდროულად, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალურ დონეზე უარს არ ამბობს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად ესმის: ისინი საქართველოს შემადგენლობაში არასდროს დაბრუნდებიან. ღარიბაშვილის რეჟიმის რიტორიკა ეფუძნება აზრს, რომ უნდა შეიქმნას პირობები, რომ ოსები და აფხაზები საქართველოს შემადენლობაში საკუთარი ნებით დაბრუნდნენ. მაგრამ ეს ხომ ძირშივე მცდარია და არასოდეს მოხდება! ჩემი აზრით, ღარიბაშვილი ამას უკვე შეეგუა, უბრალოდ ჯერ არ ჰყოფნით პოლიტიკური ნება, ეს საჯაროდ აღიარონ, რადგან მსგავსი გადაწყვეტილება ნებისმიერი ქართველი პოლიტიკოსის კარიერის დასასრულად იქცეოდა, მისი მიმღები კი - ქართველი ხალხის მტრად. ქართველებს მშვენივრად ესმით, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი აღარასოდეს დაუბრუნდებათ, მაგრამ ჯერ კიდევ გულწრფელად იმედოვნებენ ამას" - განაცხადა ბიბილოვმა.
მისივე თქმით, "საქარველო ამ ორი რესპუბლიკის დამოუკიდებლობას უნდა დაეთანხმოს, ძალის არგამოყენების შესახებ მემორანდუმი გააფორმოს და ოსი ხალხის გენოციდი აღიაროს".
რუსმა ჟურნალისტმა ბიბილოვს საქართვლოს მიერ რუსეთისთვის "მეორე ფრონტის" გახსნის შესახებ კრემლის ცნობილი სადეზინფორმაციო ნარატივიც გაუმეორა და ამის შესაძლებლობაზე დაუსვა კითხვა, ყოფილი დე ფაქტო ლიდერის პასუხში კი თბილისის მიმართ ფარულმა მუქარამ გაიჟღერა:
"ეს რუსეთისთვის იქნება "მეორე ფრონტი", მაგრამ თავად საქართველო რას მიიღებს?! - ერთი ფრონტის სახით - სამხრეთ ოსეთს, მეორეს სახით - აფხაზეთს, მესამეს სახით - რუსეთს? აქ ხომ ვეღარც ევროკავშირი უშველის და ვერც აშშ! თანაც, საქართველოს ტერიტორია მასშტაბებით ძალიან შორსაა უკრაინისასგან" - დასძინა ბიბილოვმა.