
საკონსტიტუციოს 3 მოსამართლე სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს: „შინაარსისგან გამოფიტული"
17/10/2023 10:29:45 სამართალი
„შინაარსისგან გამოფიტული", – ასე აფასებს საკონსტიტუციოს 3 მოსამართლე – ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში, პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას.
“საგარეო ურთიერთობების განხორციელებისას ყველა კონსტიტუციური ინსტიტუტი, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტი, ვალდებულია, ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობას საგარეო პოლიტიკის წარმართვაში და თავისი მოქმედებებით არ დააზიანოს ის საგარეო პოლიტიკური მიზნები, რომელთა მიღწევასაც ამა თუ იმ სტრატეგიის გათვალისწინებით ისახავს მთავრობა. ვიზიარებთ კოლეგების პოზიციას, რომ საგარეო ურთიერთობებში პრეზიდენტი უნდა ცდილობდეს, იმოქმედოს პოლიტიკური წინდახედულებით, რათა მისი პოლიტიკური განცხადებები მთავრობასთან იყოს კოორდინაციაში და არ იყოს აღქმული მთავრობის პოზიციისაგან განსხვავებულად. ჩვენი კოლეგები არსებითად სწორად განმარტავენ საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას შორის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განაწილების ბალანსს, როდესაც მიუთითებენ საქართველოს პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის, ცერემონიულ როლზე, ხოლო საქართველოს მთავრობას საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის განმსაზღვრელი და განმახორციელებელი ფუნქციით აღჭურვილ ორგანოდ მოიაზრებენ. ასევე, ვიზიარებთ მსჯელობას, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის გარეთ განხორციელებული ქმედებებით შესაძლოა, დააზიანოს საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკა. თუმცა არც წარდგინების ავტორები და არც ჩვენი კოლეგები არ მიუთითებენ, რომ სადავო ვიზიტებით ან/და მის ფარგლებში გამოთქმული მოსაზრებებით საქართველოს პრეზიდენტმა რაიმე ფორმით დააზიანა, ხელი შეუშალა საქართველოს მთავრობის მიერ საგარეო პოლიტიკის განხორციელებას. სადავო ვიზიტებთან დაკავშირებით სასამართლოსათვის ცნობილია, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს. ამავე დროს, საქმეზე არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გაახმოვანა გზავნილები, რომლებიც საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის საწინააღმდეგოა ან/და ისაუბრა საკითხებზე, რომლებიც რამენაირად გასცდა მის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის, ცერემონიულ როლს, ან/და განახორციელა ისეთი ქმედება, რომელმაც საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკა დააზიანა. არც საქართველოს მთავრობა და არც კონსტიტუციური წარდგინების ავტორები არ მიუთითებენ, რომ მათ არ სურდათ რომელიმე გზავნილის შეხვედრის ადრესატამდე მიტანა ან/და ზოგადად, რომელიმე შეხვედრა იყო თუ არა საგარეო პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებით მთავრობის შერჩეული სტრატეგიის საწინააღმდეგო.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება საქართველოს პრეზიდენტის მიერ მთავრობისთვის საგარეო პოლიტიკის განხორციელების ხელშეშლის შესახებ. უფრო მეტიც, კონსტიტუციური წარდგინების ავტორები და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი არც კი მიუთითებენ, რომ ხსენებულმა სამმა ვიზიტმა ან მის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის მიერ განხორციელებულმა რომელიმე ქმედებამ საქართველოს მთავრობის მიერ საგარეო პოლიტიკის განხორციელების პროცესი დააზიანა ან/და განსაზღვრული საგარეო პოლიტიკის საწინააღმდეგო იყო.
ამდენად, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არ მიუთითებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ქმედებით საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკა დაზიანდა. შესაბამისად, ჩვენი კოლეგების მიერ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებაზე თანხმობის მიცემა, ფაქტობრივად, იმ მოტივით ხდება, რომ მან შეიძლება მომავალში საქართველოს მთავრობის მიერ საგარეო პოლიტიკის განხორციელებას შეუშალოს ხელი. შედეგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ფორმალურ-სამართლებრივ საფუძველს უქმნის პოლიტიკურ ხედვებს, რომლის თანახმადაც, საქართველოს პრეზიდენტი, კონსტიტუციის დარღვევის მოტივით, შესაძლოა, გადაყენებულ იქნეს დაკავებული თანამდებობიდან, ვინაიდან „არ ენდობიან“ მას. მიგვაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუცია საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას არ ითვალისწინებს ხელისუფლების სხვა შტოების მხრიდან მისდამი ნდობის დაკარგვის გამო. იმპიჩმენტის ინიციატორებმა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ რეაგირება უნდა მოახდინონ უკვე მომხდარ ფაქტებზე და საქართველოს პრეზიდენტის ქმედება საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ შეაფასონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი გასცდება უფლებამოსილების ფარგლებს, უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებისას ხელყოფს მთავრობის ან სხვა კონსტიტუციური ორგანოების კომპეტენციას, ან/და საქართველოს კონსტიტუციით დაცულ სხვა ინტერესს. მოცემულ შემთხვევაში, ცალსახად არ გამოკვეთილა რომელიმე ზემოხსენებული შემთხვევის არსებობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან არ იკვეთება, რომ სადავო ვიზიტების განხორციელებით საქართველოს პრეზიდენტი გასცდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებს ან/და საკუთარი მოქმედებით ხელი შეუშალა საქართველოს მთავრობას საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ქმნის საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ მოქმედების დადგენის საფუძველს.
[...] მივიჩნევთ, რომ ჩვენმა კოლეგებმა არასწორად განმარტეს საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის კონსტიტუციური მანდატი, ასევე პრეზიდენტის მიერ საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებაზე მთავრობის თანხმობის განმსაზღვრელი კონსტიტუციური დანაწესის არსი და მიზანი.
ამავე დროს, საქართველოს კონსტიტუციით იმპიჩმენტის საფუძვლად მიჩნეული კონსტიტუციის დარღვევის ფაქტობრივად ფორმალურ, ნებისმიერი ხარისხის დარღვევამდე დაყვანით დაკნინდა ამ პროცესში სასამართლო კონტროლის მნიშვნელობა. თითოეულ ზემოხსენებულ საკითხთან მიმართებით წარმოვადგენთ ჩვენს პოზიციას…
[...]დასკვნის ერთიანი ლოგიკა და საკითხის გადაწყვეტა კი ცხადყოფს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიერ პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის სტატუსი გაგებულია, შინაარსისგან დაცლილ, ფუნქციას მოკლებულ მოცემულობად, რასაც, ბუნებრივია, ვერ გავიზიარებთ. საკუთარი მიზნისა და დანიშნულების გათვალისწინებით, შეუძლებელია საქართველოს კონსტიტუცია ქმნიდეს შინაარსისგან გამოფიტულ, ფიქციურ ინსტიტუტებს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, რომელიმე კონსტიტუციური ინსტიტუტის ამგვარად წარმოჩენა, მისი შინაარსისაგან დაცლა არა მხოლოდ აკნინებს კონსტიტუციის მნიშვნელობას, არამედ ასევე უგულებელყოფს მის, როგორც დემოკრატიული მმართველობის ქვაკუთხედის, დანიშნულებას”, - ნათქვამია სამი მოსამართლის განსხვავებულ მოსაზრებაში.
ირინე იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრს სრულად გაეცანით ბმულზე;