
შამბა: "აფხაზეთი რუსული სამყაროს ნაწილია"
19/10/2023 06:37:31 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივნის სერგეი შამბას განცხადებით, "აფხაზეთი რუსული სამყაროს ნაწილია".
"ჩვენ რუსეთთან იმგვარი ურთიერთობები გვაქვს, რომ მიუხედავად ჩვენი საბჭოთა ერთობის დაშლისა, გრძნობები შემოგვრჩა. აფხაზური საზოგადოება განწყობილია რუსული სამყაროს წევრობაზე და მონაწილეობს მის ჩამოყალიბებაში. ჩვენ გვსურს და ვართ ამ სამყაროს ნაწილი" - განაცხადა შამბამ სოხუმში, "მოსკოვის სახლში" გამართული მრგვალი მაგიდის "აფხაზეთისა და რუსეთის კულტურულ-სოციალური სივრცე" მსვლელობისას.
მისივე თქმით, "სწორედ რუსული ენის წყალობით შეიცნო აფხაზეთმა მსოფლიო კულტურა".
"კულტურული თვალსაზრისით ჩვენ ერთმანეთს ყოველთვის ვამდიდრებდით, თუმცა ამ გამდიდრებაში წამყვანი როლი, რა თქმა უნდა, რუსულ კულტურას მიუძღვის, რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია მთელს რუსეთის იმპერიაში, საბჭოთა კავშირში მცხოვრები არაერთი ეთნოსის ფორმირებაზე. აფხაზეთი ყოველთვის იპყრობდა რუსულ კულტურულ ინტელიგენციას - მწერლებს, მხატვრებსა და სხვებს. ეს პროცესი დღესაც გრძელდება და ეს პროცესი ბუნებრივად მიგვიყვანს ჩვენი ერთობის აღდგენამდე" - დასძინა შამბამ.
ცნობისთვის: მანამდე დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა, რომ "რუსეთთან ურთიერთობის შესაძლო ფორმებს შორის ყველაზე კომფორტული იქნებოდა ასოცირებული სახელმწიფოს მოდელი, რომლის დროსაც აფხაზეთი დამოუკიდებლობას ინარჩუნებს, მაგრამ რუსეთთან ერთობლივად აყალიბებს თავის საშინაო და საგარეო პოლიტიკას, მათ შორის - საზღვრების დაცვის მიმართულებით".
ახალგაზრდა დე ფაქტო მინისტრის ამ გამონათქვამმა აფხაზურ საზოგადოებაში დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია.