
ბჟანია: "ვიმედოვნებ, საქართველოს ხელმძღვანელობა თავშეკავებას გამოიჩენს"
19/10/2023 12:04:55 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენკის ამასწინანდელ განცხადებას ეხმიანება და იმედს გამოთქვამს, რომ "საქართველოს ხელმძღვანელობა თავშეკავებას გამოიჩენს".
ზელენსკის განცხადება, რომლის თანახმად, "რუსული აგრესიის მიმართ უკრაინის წარმატებული თავდაცვის პირობებში საქართველოსთვის ახალი პერსპექტივები გაიხსნება საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად". თუმცა რუსულმა სადეზინფორმაციო პროპაგანდამ ეს განცხადება კონტექსტიდან ამოგლეჯილად გაავრცელა და "აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე საქართველოს მორიგი თავდასხმისკენ მოწოდებად" გაასაღა. ბჟანიაც დღეს სწორედ ამ რუსულ ვერსიას გამოეხმაურა.
"ზელენკის მხრიდან მსგავს განცხადებებს რეგულარული ხასიათი აქვს, დასავლეთი კი მათზე ან საერთოდ არ რეაგირებს, ან რეაგირებს სუსტად, რაც გასაკვირი არ არის, რადგან იგი აფხაზეთის მიმართ მსგავს მიდგომებსს იზიარებს. მსგავს დეტალებში ნათლად იკვეთება დასავლეთის სახელმწიფოების ე.წ ხელმძღვანელობების მთელი არსი: ვიღაც ახალი ომის გაჩაღებაზე საუბრობს, მათ კი რეაქცია არ აქვთ! უკრაინის პრეზიდენტის ეს განცხადებები იმაზე მეტყველებს, რომ ზელენსკისა და მის უკან მდგომ ძალებს კავკასიის რეგიონში ახალი სისხლისმღვრელი ომის გაჩაღება სურთ. უკრაინა ცდილობს, კონფლიქტის მონაწილეთა რაოდენობა გაზარდოს და რუსეთის ირგვლივ არასტაბილურობის სარტყელი ჩამოაყალიბოს. ვიმედოვნებ, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება თავშეკავებულობასა და პრაგმატიზმს გამოიჩენს. არა მგონია, მათ დღეს ომი აწყობდეთ" - განაცხადა ბჟანიამ და იქვე დასძინა, რომ "აფხაზეთის ხელისუფლება გამუდმებით მუშაობს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე, მოქმედებს რა მოკავშირეებთან ერთიან ფრონტად".
ჟურნალისტებთან საუბარში იგი ოჩამჩირეს პორტში მუდმივმოქმედი რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის ჩამოყალიბების საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და გაიმეორა, რომ "ეს აფხაზეთის ინტერესებს შეესაბამება".